რომელ პროდუქტებზეა ფასი გაზრდილი? – საქსტატი წლიური ინფლაციის მონაცემებს აქვეყნებს

პუბლიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის – 13.9% .

საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასის ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასი გაიზარდა 16.2%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.27%-ით აისახა. ფასი მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (23.3%), პური და პურპროდუქტები (20.5%), ზეთი და ცხიმი (19.6%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (18.3 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.2 %), თევზეული (16.6%), რძე, ყველი და კვერცხი (14.4%), ხილი და ყურძენი (13.7%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.9%), ყავა, ჩაი და კაკაო (7.8%);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასის 44.8 %-იანი მატება. ფასი გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (68.0%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (58.0%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.7 %). ამასთან, ფასი შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-3.1%);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასი გაიზარდა 16.2%-ით, რაც 2.08%-ით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასი, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (23.3%).