შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – 112 მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ არამიზნობრივი ზარებისგან, რადგან პანდემიის პერიოდში ისედაც გაზრდილია მიმართვიანობა და მათი მუშაობა ფერხდება.
112-ის განცხადებით, ცენტრში ახლა ფუნქციონირებს სამი ხაზი და კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე – 112 2.
„112 პანდემიის დაწყებიდანვე აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის მართვის პროცესში და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, რათა თითოეულმა მოქალაქემ დროული და მაღალკვალიფიციური მომსახურება მიიღოს.
112-ში, 24 საათის განმავლობაში, 35%-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს. გთხოვთ, გამოიჩინეთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არამიზნობრივად არ დარეკოთ 112-ზე.
გადაუდებელი შემთხვევისას, შეუფერხებლად დაკავშირებისთვის 112 დაიყო სამ არხად:
- 112- სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება;
- 112 1 – პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური
- 112-2 -Covid -19.
Covid-19-ის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია დარეკოს 112-2-ზე ან დარეგისტრირდეს პორტალზე: https://er.moh.gov.ge/
112-ის მიერ, Covid-19 დადასტურებული შემთხვევები შემდგომი მონიტორინგისთვის გადაეცემა ოჯახის ექიმებს“, – აცხადებს 112.
112-ის განცხადებით, ამის შემდეგ თუკი 48 საათის განმავლობაში მოქალაქეს არ დაუკავშირდება ოჯახის ექიმი, მათ უნდა მიმართონ ცენტრალური ონლაინ კლინიკის ცხელ ხაზს – 1522, ხოლო კერძო დაზღვევის შემთხვევაში თავიანთი სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზს.