ჩავუშოღლუ: რუსული და ბელარუსული წყაროებიდან მივიღეთ ცნობა, რომ უკრაინაში შეჭრა არ მოხდება

პუბლიკა

CNN Turk-ის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ოფიციალურმა ანკარამ რუსული და ბელარუსული წყაროებიდან მიიღო უარყოფის ცნობები უკრაინაში მოსალოდნელ შეჭრასთან დაკავშირებით.

„ბელარუსული წყაროები აგრეთვე უარყოფენ ბელარუსის გავლით უკრაინაზე თავდასხმის შესაძლებლობას. ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება დაძაბულობის შემცირებაზე“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ჩავუშოღლუს თქმით, ოფიციალური ანკარა უკრაინაში რუსეთის შეჭრას არარეალურად მიიჩნევს, მაშინ როდესაც კრემლი NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ჩვენ ვცდილობთ დაძაბულობის შემცირებას იმაზე საუბრით, რომ ამ რეგიონში ომი არ იქნება. თურქეთის პოზიცია თავიდანვე მკაფიო იყო. ლავროვს მომავალ ოთხშაბათს შევხვდებით. ორივე მხარე თუ თანახმა იქნება, დიდი სიამოვნებით განვახორციელებთ შუამავლობას“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თარგმანს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.