ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სამშენებლო სექტორთან დაკავშირებულ ინიციატივაზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობა სამშენებლო კომპანიებს სთავაზობს, დამატებით მოიზიდონ ფინანსური რესურსი ადგილობრივ ბაზარზე, ბანკებიდან მთავრობის გარანტიით.
„მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა ამ მოცულობის სამუშაოებზე და, რა თქმა უნდა, ჩვენ 3-5 წლის განმავლობაში განვადებით გადავიხდით ამ თანხას.“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა დამატებით 1-2%-იან ეკონომიკურ ზრდას მოიტანს.
„გვაქვს მეორე ინიციატივა. ამის თაობაზე ეკონომიკურ გუნდთან უკვე მქონდა განხილვა და ჩემი იდეა მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ ახლა, ამ სიტუაციაში გვჭირდება ეკონომიკური ზრდის ამაჩქარებლები და გარკვეული არაორდინარული ნაბიჯები.
ამ ინიციატივით, ჩვენ, მინიმუმ, 500 მილიონი ლარის დამატებით ინვესტირებას ვგეგმავთ წელსვე, თუმცა ეს არის ძალიან მინიმალური. ვფიქრობ, მილიარდ ლარამდე თავისუფლად შევძლებთ და შეძლებენ ეს კომპანიები ათვისებას.
მინდა, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის განვმარტო: მოგეხსენებათ, ძალიან ბევრ სამინისტროს, წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი აქვს შესასრულებელი. დევნილებისთვის გვაქვს ასაშენებელი დაახლოებით ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი. ასევე, იქნება შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიციის ქალაქის მშენებლობა გვინდა დავიწყოთ, პოლიციის შენობების აშენება-რეაბილიტაცია; განათლების სამინისტროს 800-მდე სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა, ბაღების მშენებლობა, თავდაცვის სამინისტროს აქვს თავისი პროექტები, იუსტიციის სამინისტროს; ყველას, აღარ ჩამოვთვლი, ასევე ინფრასტრუქტურას, იქნება ეს წყალმომარაგების თუ სხვა პროექტები, ამიტომ სამშენებლო კომპანიებს შევთავაზებთ შემდეგს, რომ მათ შეუძლიათ, დამატებით მოიზიდონ ფინანსური რესურსი ადგილობრივ ბაზარზე ბანკებიდან, ჩვენი გარანტიით, მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა ამ მოცულობის სამუშაოებზე და რა თქმა უნდა, ჩვენ 3-5 წლის განმავლობაში განვადებით გადავიხდით ამ თანხას.
მე ეს იდეა პრაქტიკაში განვახორციელე, როცა თავდაცვის მინისტრი ვიყავი – სამ და ხუთ წელიწადში შესასრულებელი სამუშაოები ერთ წელიწადში შევასრულეთ, ბატონო ჯუანშერ, გახსოვთ კარგად, იქნებოდა ეს ბაზების მშენებლობა, შესყიდვები, ავტომობილების განახლება თუ სხვა უამრავი პროექტი, რომელიც ძალიან მოკლე დროში განვახორციელეთ და ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო იქნება. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ დაახლოებით 4-5 წლის გასაკეთებელს 1 წელში გავაკეთებთ.“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.