"გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობაზე"- ოპოზიცია მოლაპარაკებებს წყვეტს

პუბლიკა

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით დასრულებულია ყველანაირი მოლაპარაკება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

ამ გადაწყვეტილების დეტალებზე ლეიბორისტების ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, დიქტატორმა გადალახა წითელი ხაზები. მესამედ დააპატიმრა ოპოზიციის ლიდერი გიგი უგულავა.

„ჩვენ ოპოზიციას არ დაგვრჩა სხვა გზა რომ შევწყვიტოთ ყოველგვარი მოლაპარაკებები, რაუნდები და გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობაზე”. – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

რამდენიმე წუთის წინ სასამართლომ უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გიგი უგულავას საქმეს მოსამართლეები შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ.

ამ დრომდე დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით იმართებოდა მოლაპარაკებები ოპოზიციის ლიდერებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. დღეს „ევროპულმა საქართველომ“ ახალი წინადადება წარადგინა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებისთვის „130/20“ საარჩევნო მოდელის შეთავაზებას გეგმავდა.