2021 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე 1.4%-ით შემცირდა - საქსტატი

პუბლიკა

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.0 პროცენტი შეადგინა.

სამუშაო ძალამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 51.2 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 1.7 პროცენტული
პუნქტით და 41.5 პროცენტს შეადგენს.

2021 წლის IV კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

საქსტატის ცნობით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.7 პროცენტული პუნქტით. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში.

2021 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.9 პროცენტს, ხოლო კაცებში 63.1 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.1 პროცენტული პუნქტით.