გიგი უგულავა შსს-ს შეძახილებისა და აპლოდისმენტების ფონზე ჩაბარდა

პუბლიკა

ამ წუთებში გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში შევიდა და შსს-ს თანამშრომლებს ჩაბარდა.

ის შსს-ში მხარდაჭერთა შეძახილებისა და აპლოდისმენტების ფონზე შევიდა. დადგენილი პროცედურების შემდეგ, რა დროსაც იგი გაჩხრიკეს, საშვი დაუშვეს და უსაფრთხოების პროცედურები გაატარეს, იგი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა შენობაში შეიყვანეს.

„აბა თქვენ იცით, კარგად, დროებით” – ეს იყო უგულავას ბოლო სიტყვები სამინისტროს შენობაში შესვლამდე, მას შემდეგ რაც თანამებრძოლებს, მეგობრებს და შვილს დაემშვიდობა.

გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროში თავად მივიდა. „ივანიშვილის, ამ ყველაზე მშიშარა მმართველის, რომელსაც ეს ქვეყანა უმართია, ამ პატარა კაცუნის ახირებების და სადისტობების არავის ეშინია”. – თქვა მან.

დღეს, 18:00 საათზე უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.  სასამართლომ უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გიგი უგულავას საქმეს მოსამართლეები შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ.