ევროპული მაუწყებლების ნაწილი „ევროვიზიიდან“ რუსეთის მოხსნის მოთხოვნას მხარს უჭერს

პუბლიკა

საერთაშორისო კონკურს „ევროვიზიის“ ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსეთის წარმომადგენელს კონკურსიდან არ მოხსნის.

„ევროვიზია აპოლიტიკური კულტურული ღონისძიებაა, თუმცა ევროპის მაუწყებელთა კავშირი შეშფოთებულია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით და გააგრძელებს ვითარებაზე დაკვირვებას“, – აცხადებენ ორგანიზატორები CNN-თან.

ორგანიზატორთა განცხადებამდე ევროპის მაუწყებელთა კავშირს უკრაინამ პეტიციით მიმართა, რომ უკრაინაში შეჭრის ფონზე, არ დაუშვას რუსეთის წარმომადგენელი კონკურსზე. უკრაინამ ასევე მოითხოვა რუსული მედიის მაუწყებელთა კავშირიდან გარიცხვა.

რუსეთს ამ დროისთვის „ევროვიზიის“ მონაწილე ჯერ არ შეურჩევია და ამისათვის ვადა მარტის შუა რიცხვებამდე აქვს.

რამდენიმე დღის წინ უკრაინამ „ევროვიზიაზე“ წარსადგენად ჯგუფი Kalush შეარჩია. ჯგუფმა მომღერალი ალინა პაში ჩაანაცვლა. პაში კონკურსს მაუწყებლის გადაწყვეტილებით მას შემდეგ გამოეთიშა, რაც ცნობილი გახდა, რომ მან 2015 წელს რუსეთის მიერ კონტროლირებად ყირიმში იმოგზაურა.

უკრაინის მოთხოვნას ევროპის მაუწყებელთა კავშირის სხვა წევრებიც შეურთდნენ. მაგალითად, კავშირიდან რუსეთის გარიცხვას მხარ უჭერს ჰოლანდიაც. შვედეთის მაუწყებლის აღმასრულებელი დირექტორი კი მოუწოდებს „ევროვიზიის“ ორგანიზატორებს, თავიანთ გადაწყვეტილებას გადახედონ. მოწოდებებს ასევე შეუერთდნენ ლატვიის, დანიისა და ნორვეგიის მაუწყებლები. ფინეთის მაუწყებლის დირექტორი მზადყოფნას გამოთქვამს, ფინეთმა კონკურსში მონაწილეობა არ მიიღოს, თუ ორგანიზატორები გადაწყვეტილებას არ გადახედავენ.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი 2005 წლიდან არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის აქტიური წევრი. „პუბლიკა“ ცდილობს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთან, თინათინ ბერძენიშვილთან დაკავშირებას, რათა ჰკითხოს, აპირებს თუ არა საქართველოს მაუწყებელი შეურთდეს უკრაინის მოწოდებას. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

„ევროვიზიის“ კონკურსი მაისში იტალიაში, ქალაქ ტურინში გაიმართება.