„გადადგეს მოღალატე ღარიბაშვილი!“ | პარლამენტთან კიდევ ერთი აქცია დაიგეგმა

პუბლიკა

„გადადგეს მოღალატე ღარიბაშვილი!“, – ამ ლოზუნგით დაიგეგმა კიდევ ერთი აქცია თბილისში, პარლამენტის წინ 19:00 საათზე.

„საქართველოს მოღალატე და პრორუსი პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს!“, – წერია Facebook-ღონისძიების აღწერაში, რომლის ორგანიზატორები პარტია „დროა“ და ელენე ხოშტარია არიან.

აქცია უკავშირდება ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს. პრემიერ-მინისტრმა დღესაც გაიმეორა, რომ ის, როგორ პრემიერი, არასოდეს მიიღებს ხალხის ინტერესების დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს. მისივე შეფასებით, დასავლეთისა და ამერიკის დაწესებული სანქციები ეფექტიანი არაა.

ამავდროულად, ამავე ადგილზე იმართება უკრაინის სოლიდარობის აქცია. დღეს მე-5 დღეა, რაც უკრაინის მხარდამჭერები პარლამენტთან იკრიბებიან. სოლიდარობის აქცია რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, 24 თებერვლიდან იმართება. აქციას ყოველდღიურად ათიათასობით ადამიანი უერთდება.