მომღერალ სოფო ბათილაშვილს „ოლე-ოლას" სიმღერის გამო სასამართლოში იბარებენ

პუბლიკა

„ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ.

ოქმის შემდგენი შსს-ის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოა (ე.წ. სქროლვა-სქრინვის). შსს-ის ეს სამმართველო ბათილაშვილს ედავება, რომ გამოქვეყნებულ ვიდეო-პოსტში ის შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებს.

ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით არის შედგენილი, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

მუხლი კანონში ამგვარად განიმარტება – საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.


სოფო ბათილაშვილმა 8 ოქტომბერს სოციალურ ქსელში „ოლე-ოლას” შესრულების ვიდეო გამოაქვეყნა.

მომღერალი პოსტში წერს, რომ სიმღერის ვიდეო პროტესტისა და სოლიდარობის ნიშნად ჩაწერა, რაც მასში სიმღერის გამო ადამიანების სასამართლოში დაბარებამ გამოიწვია.

ამავე პოსტში მან სოლიდარობა გამოუცხადა მომღერალ „კორძს”, რომელსაც „ოლე-ოლას” შესრულების გამო სამთავრობო პროპაგანდა დაუპირისპირდა.

„ამ პოსტშივე გამოვუცხადებ სოლიდარობას @kordzmusic -ს:)

და პოსტის მიწურულს დავწერ ამას: ვიცი, რამდენი რამეც განორმალურდა, ისიც ვიცი, როგორ გიპირისპირდებიან, თუ ხმას იღებ, მაგრამ უნდა შევიხსენოთ, რომ არაა ნორმალური როგორც ექცევიან ადამიანებს და რომ ჯერ ისევ გვაქვს ერთმანეთის ზურგი. სხვანაირად უბრალოდ აზრი არ აქვს და ოდესმე თქვენც აღმოჩნდებით იქ, სადაც მიხვდებით, რომ სხვანაირად აზრი არ აქვს”, – წერს ბათილაშვილი.

სასამართლოში „ოლე-ოლას” სიმღერის გამო ადმინისტრაციული საქმე არაერთი აქტივისტის მიმართ მიმდინარეობს.