დღეს იხსნება ახალი ფანჯარა, ევროპელები მზად არიან, განიხილონ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის მომავალი - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარიზიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ღირსება ისტორიულად ის არის, რომ პრინციპების ერთგულია და ყოველთვის საჭირო ადგილას დგას.

„ჩვენგან არავინ ელოდება რაღაც ისეთ ზომას, რომელიც ამ ქვეყანას ჩააყენებს საფრთხეში, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას. თქვენც ელოდებით, მეც ველოდები და მე ამისთვის ჩამოვედი დღეს პარიზში და ხვალ ბრიუსელში, რომ გამოვხატო ის ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ იმ დროს, როცა მთელი ევროპა ერთიანია. ჩვენც ამ ერთობის ნაწილი უნდა გავხდეთ.

დღეს იხსნება ახალი ფანჯარა, სადაც ევროპელები მზად არიან, სხვანაირად განიხილონ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მომავალი და ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ და ამიტომ ვარ აქ.

მინდა, ყველას ახსოვდეს, როგორც უკრაინა, ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომელიც ხვალ იქნება ევროპის ნაწილი, იმ ევროპის, რომელმაც დღეს აჩვენა ღირსება ერთიანობით, უკრაინის აქტიური მხარდაჭერით. ჩვენ ყველა მადლიერები ვართ უკრაინის, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის. არ გვინდა, საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად ყოველთვის იყო თავისი პრინციპების ერთგული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.