ბოჭორიშვილი: ვიმედოვნებთ, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას უკრაინასთან ერთად საქართველოსთვისაც განიხილავენ

პუბლიკა

„ვიმედოვნებთ, რომ ის ძვრები, რაც ევროკავშირის მიდგომაში შეინიშნება, იქნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წრმატებით დასრულებისთვის გადამწყვეტი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას უკრაინასთან ერთად საქართველოსთვისაც განიხილავენ“, – განაცხადა დეპუტატმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.

„დღეს უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ფონზე მსოფლიო წესრიგში უპრეცედენტო ძვრების საწყისი გამოიკვეთა, რისთვისაც, სამწუხაროდ, 2008 წელს ჩვენ მიერ გაღებული მსხვერპლი არ აღმოჩნდა საკმარისი. დღეს ევროპარლამენტი და ევროკავშირის მთელი რიგი წევრი ქვეყნები აქტიურად მსჯელობენ ევროკავშირში წევრობისთვის კანდიდატის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პერსპექტივაზე უკრაინისთვის.

საქართველოს ევროპიული ამბიციები ჩვენი ქვეყნის ევროპელი პარტნიორებისთვის კარგად არის ცნობილი. საქრთველო გახლდათ პირველი ასოცირებული ქვეყანა, რომელმაც გაწევრებისთვის განაცხადის შეტანაზე დაიწყო კონსულტაციები პარტნიორებთან, რაც დღეს კიდევ უფრო აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისკენ მოუწოდებს. მოქალაქეებმა აღნიშნულ საკითხზე პეტიცია შეადგინეს. ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც უკრაინამ სპეციალური პროცედურის ქვეშ, დაჩქარებულ რეჟიმში, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი დააყენა დღის წესრიგში. უკრაინის დაჩქარებული წესით მიღებას მხარს პოლონეთი უჭერს. გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უკრაინის განცხადებას ევროკავშირში გაწევრების შესახებ.