„ეს იყო მოულოდნელი და სამწუხარო გადაწყვეტილება” – ამბობს ტელეკომპანია „იმედთან” საქართველს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უკრაინის მიერ ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევაზე.
„მიუხედავად იმისა, რომ ის არის გაწვეული კონსულტაციებზე, ჩვენი ურთიერთობა გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ შემოვიდა ჩვენთან თხოვნა, რომ დავეხმაროთ და იმ დიპლომატებს, რომელთა ევაკუაციაც ხდება, საქართველოში თავშესაფრი მივცეთ და ჩვენ ამას გავაკეთებთ”. – თქვა ზალკალიანმა.
მისი თქმით, ელჩის გაწვევა დიპლომატიური დემარშის ერთ-ერთი ფორმაა, თუმცა „ეს არ არის ყველაზე მწვავე ფორმა, ჩვენც გვქონია ასეთი შემთხვევა. ჩვენც გვყავდა უკრაინის ელჩი გამოწვეული. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რაც იყო ყოფილ პრეზიდენტთან მიმართებაში, მისი, როგორც უკრაინის მოქალაქის, საქართველს შიდა საქმეებში ჩარევის კუთხით, საარჩევნო კამპანიის დროს, მაგრამ კონსულტაციების შემდეგ ის დაბრუნდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც ასე მოხდება. ელჩი ისევ დაბრუნდება საქართველოში“. – თქვა ზალკალიანმა.
დღეს უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია – „ჩვენ დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან. მოხალისეთათვის ხელშეშლის გამო, რომელთაც ჩვენი დახმარება სურდათ და სანქციებთან დაკავშირებული ამორალური პოზიციის გამო“ – განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.