სამოქალაქო საზოგადოება მიმართავს საქართველოს პარლამენტს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების დაჩქარებული პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ.
როგორც მიმართვაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუცია პარლამენტში ინიცირებულია, როგორც ჩანს, ჯერჯერობით, სესია ამ საკითხზე არ გაიმართება და, შესაბამისად, ეს პროცესი დროში გაიწელება.
„ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან საჩქაროა განცხადების გაგზავნა პარლამენტში. გთხოვთ, ხელი მოვაწეროთ განცხადების ტექსტს – https://cutt.ly/uAo2yEP, რომ სწრაფად შევძლოთ საკანონმდებლო ორგანოს რეაგირება,“ – ასეთია ორგანიზაციების – „სამოქალქო იდეა“ (Civic IDEA) , DRI-სა და „ღია საზოგადოების საქართველოს ფონდის“ მიმართვა სამოქალაქო საზოგადოებისადმი, რომელთა თანამონაწილეობითაც მომზადდა განცხადების ტექსტი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს ერთობლივი და სწრაფი მოქმედება საქართველოს ევროპული პერსპექტივის უზრუნველსაყოფად.
„საქართველოს სახელმწიფოს ყველა წარმომადგენლის ვალია, იმოქმედოს სწრაფად და მიზანმიმართულად, რომ შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც ვლადიმერ პუტინის რეჟიმის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების შესაჩერებლად გამოჩნდა, ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად გამოვიყენოთ.
საქართველო პუტინის რეჟიმის პირველი მსხვერპლია, ქართველი ხალხის მრავალწლიანი ბრძოლა თავისუფლებისათვის იმსახურებს სათანადო შეფასებას და ევროპულ პერსპექტივას.
ამასთანავე ვაცნობიერებთ, რომ შარლ მიშელის შეთანხმების შეუსრულებლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან წინაღობას საქართველოსთან, როგორც სანდო პარტნიორთან ურთიერთობის გზაზე. შესაბამისად, უმნიშვნელოვანეს პირობად მიგვაჩნია შარლ მიშელის შეთანხმების პირობების შესრულება ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის განმტკიცებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმომწერი სამოქალაქო საზოგადოება მიიჩნევს, რომ უნდა შესრულდეს შემდეგი:
- საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს რეზოლუცია საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებისთვის შესაბამისი პროცედურების დაწყების შესახებ.
- საქართველოს პარლამენტმა, მოუწოდოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განაცხადი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
- საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებისთვის მიმდინარე კვირის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
- საქართველოს მთავრობამ კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტს მიანიჭოს შესაბამისი უფლებამოსილებები ევროკავშირთან მოლაპარაკებების წარმოების დასაწყებად.