მადლობა მოქალაქეებს, პროცესში შეტანილი წვლილისთვის - გახარია EU-ში წევრობის განაცხადზე

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წერს, რომ მიესალმება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილებას.

მისი განცხადებით, აუცილებელია განაცხადს მოჰყვეს ქმედითი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან პროცესის სწრაფად და ეფექტიანად წარმართვის მიზნით.

„ვთავაზობთ, საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხში მაქსიმალურ მხარდაჭერას და მოვუწოდებთ, ყველა პოლიტიკურ აქტორს, როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან – გვერდით გადავდოთ მსჯელობა იმაზე, თუ ვინ რა წვლილი შეიტანა აღნიშნულ პროცესში, გავერთიანდეთ იდეის ირგვლივ და სწრაფად და ეფექტიანად მივიყვანოთ პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე.

მადლობა საქართველოს მოქალაქეებს, პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, “- ნათქვამია განცხადებაში.


„საქართველოს მთავრობა დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, განაცხადის შეტანა 2024 წელს იყო გათვალისწინებული, თუმცა ახალი რეალობის გათვალისწინებით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება.