ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსი სამხედროები აკონტროლებენ - უკრაინის სახელმწიფო ინსპექცია

პუბლიკა

უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტრო სადგურს რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ.

უწყების განცხადებით, უკრაინელმა მეხანძრეებმა სადგურის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს, სადგურის პერსონალი კი განაგრძობს მუშაობას.

„ამჟამად არ გვაქვს ინფორმაცია დაღუპულებსა და დაშავებულებზე. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია რუსულმა შენაერთებმა დაიკავეს. პერსონალი განაგრძობს მუშაობას თავიანთ ადგილებზე, ოპერაციების პერსონალი აკვირდება დანადგარებს და უზრუნველყოფს რეგულაციების შესაბამისად მის უსაფრთხო მუშაობას“, – აცხადებს ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექცია.

უწყების განცხადებით, ამ დროისთვის არ დაფიქსირებულია ცვლილებები რადიაციულ ფონში. თუმცა, ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექცია განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რეაქტორების გაგრილება ვეღარ მოხდება, რადიოაქტიური ავარიის სიმძლავრემ შეიძლება ჩერნობილისა და ფუკუშიმას სადგურებში მომხდარ ავარიებსაც გადააჭარბოს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია. რუსული არმიის შენაერთები, რომლებიც უკრაინის სამხრეთში მოქმედებენ სადგურთან ბოლო ორი დღეა გამოჩნდნენ.