საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ გაიზიარებს ოპოზიციის ინიციატივას უკრაინის პრეზიდენტის პარლამენტისთვის მიმართვის შესახებ. პაპუაშვილის თქმით, ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ „მდგომარეობის ისტერიამდე მიყვანას“.
ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „ტელეკომპანია პირველთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„ოპოზიცია საუბრობს უკრაინის ხელისუფლების სახელით. ეს არ ვიცი, საკვირველი სიტუაციაა. ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდია, რასაც ცდილობს ოპოზიციის ნაწილი – ენმ და „ლელო“ – ეს პირდაპირ ხაზი არის მდგომარეობის ისტერიამდე მიყვანის. ამის ნაწილი არის ყველაფერი, რასაც ვხედავთ.
გახსოვთ, რიგგარეშე სხდომა მოითხოვეს, ყველაფერი, რასაც ითხოვენ, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მიიღონ ისტერია საქართველოში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს მხოლოდ პიარზე და „ინსცენირების საკითხებზე“, ნაცვლად რეალური საქმისა.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, ზელენსკის გამოჩენა ქართულ პარლამენტში ხელისუფლებისთვისაც პიარი ხომ იქნება, პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ „ოცნება“ პიარზე არ ფიქრობს.
„საქმეც ის არის, რომ ჩვენ პიარზე კი არ ვფიქრობთ, ჩვენ ვფიქრობთ უკრაინაზე და უკრაინელ ხალხზე და იმ ომზე, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში.
აქ მთავარი ის კი არაა, მოხდეს ამ საკითხის თეატრალიზება, როდესაც ადამიანური ტრაგედიები ხდება უკრაინაში, არამედ საქმე არის რეალურ დახმარებაში.
პარლამენტში მეორე პარტიას ვამზადებთ ჰუმანიტარული დახმარების, ვაგროვებთ თანხას. ოპოზიციის არცერთ წევრს შემოწირულება არ გაუკეთებია იმისთვის, რომ ეს ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნონ უკრაინაში. თუკი საქმე უნდათ, დაიწყონ აქედან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე – ზელენსკის უარს იმიტომ ეტყვიან, რომ ეს არის ოპოზიციის ინიციატივა – პაპუაშვილი პასუხობს:
„საერთოდ რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოს“ ინიციატივებს უკრაინასთან დაკავშირებით, ჩვენ ვთქვით, არცერთ მათ ინიციატივას არ გავიზიარებთ. გასაგებია მათი ხაზი, მათი ხაზი არის ისტერია. აქედან გამომდინარე, ჩვენ არც კი განვიხილავთ, მე პირადად არც კი განვიხილავ მათ ინიციატივას.
ენმ და „ლელო“ არ არის უკრაინის ხელისუფლება, ამიტომ არც აქვთ კომპეტენცია, ამ საკითხზე ისაუბრონ და მეორე – მათ თუ სურთ, რეალურად დაეხმარონ უკრაინას, აი, პარლამენტში რომ გვაქვს გახსნილი ფონდი შემოწირულების, ერთ-ერთმა მაინც, ვინმემ ოპოზიციიდან შეიტანოს ერთი თეთრი მაინც, რომ უკრაინას დავეხმაროთ. ის, რასაც აკეთებენ, პიარია, ჩვენ პიარით არ ვართ დაკავებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა და მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ გააჟღერეს ინიციატივა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ საქართველოს პარლამენტს სიტყვით მიმართოს. დეკანოიძის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამისთვის მზადაა. დღეს „ლელომ“ ბრიფინგიც გამართა და განაცხადა, რომ პაპუაშვილის სახელზე ოფიციალური მიმართვა უკვე დაარეგისტრირა.