უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, რომ ზელენსკი ჩაგვერთოს პარლამენტში - დეკანოიძე

პუბლიკა

„პრეზიდენტი ზელენსკის ადმინისტრაცია მზად არის პრეზიდენტი ზელენსკი ჩაერთოს პარლამენტში და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას საქართველოს პარლამენტიდან… მე მათთან მქონდა საუბარი დღეს დილას და რამდენიმე საათის წინ… მე შემიძლია ეს დავადასტურო“, – ამის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძე ამით გამოეხმაურა „ლელო საქართველოსთვის“ ინიციატივას, უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისთვის მოიწვიონ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი. 

„მე შემიძლია, ბ-ნო შალვა, თქვენთან გავმართო კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით და ჩვენ, როგორც საქართველოს პარლამენტმა – თითოეულმა აქ მჯდომმა ჩემმა კოლეგამ, თქვენც, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა – აქ ყველამ ერთად უნდა მოვუსმინოთ პრეზიდენტს.

ოპოზიციამ დააყენა ეს ინიციატივა. მე მქონდა კონსულტაციები და მზად არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომ ნამდვილად, იმ ძალიან მძიმე პერიოდში და ომში, რომელშიც არის უკრაინა, პრეზიდენტი ზელენსკი საქართველოს პარლამენტიდან გამოეხმაუროს საქართველოს საზოგადოებას.

პრეზიდენტი ზელენსკი გამოდის კონგრესში, გამოდის ბუნდესტაგში, გამოდის სენატში, მიმართავს ყველა ქვეყანას, ყველა ქვეყნის პარლამენტს და წარმომადგენლობით ორგანოებს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სოლიდარობა არ დარჩება მხოლოდ უკრაინული დროშის გაკვრად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ამიტომ, ახლა დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის დიდი სურვილი, მიმართოს საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს საზოგადოებას, არ დარჩება მხოლოდ ოპოზიციის, ჩემი ან რომელიმე ადამიანის მოთხოვნად.

მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს საზოგადოებას და საქართველოს მოქალაქეებს თქვენ არ მოაკლებთ იმ ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებს, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი გააჟღერებს საქართველოს პარლამენტიდან“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.