აეკრძალოთ დეპუტატებს ქვეყნის დატოვება საომარი მდგომარეობის დროს - საკანონმდებლო წინადადება

პუბლიკა

საქართველოს მოქალაქეები ნიკოლოზ ჭანტურია და ამირან თუთარაშვილი პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ და მოითხოვენ, საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს ქვეყნის დატოვება უნდა აეკრძალოს:

საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს და პოლიტიკური პარტიების თავმჯდომარეებს. მათ მიაჩნიათ, რომ აკრძალვა უნდა გავრცელდეს იმ პარტიებზე, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

„პარლამენტის წევრები არიან ქართველი ხალხის მიერ არჩეული წევრები, მათ ქართველმა ხალხმა ნდომა გამოუცხადა. პარლამენტის წევრები უნდა დაუდგნენ მოსახლეობას გვერდით ყოველთვის, მათ შორის საომარი მდგომარეობის დროსაც“, –  აღნიშნავენ საკანონმდებლო წინადადების ავტორები.

დღეს აღნიშნული საკითხი პარლამენტის ბიუროს წარედგინა. ბიურომ საკანონმდებლო წინადადება განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცა.

„ე.ი. ომი თუ იქნა, არსად არ მივდივართ. ღმერთმა დაიფაროს ყველა ამისგან“, – აღნიშნა ბიუროს თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ.


პარლამენტის რეგლამენტით, საკანონმდებლო ინიციატივა [კანონპროექტი] და საკანონმდებლო წინადადება ორი სხვადასხვა ტიპის პროექტია. კანონპროექტის ინიციირების უფლება აქვს – მთავრობას, პარლამენტის წევრებს, არანაკლებ 25000 ამომრჩეველს.

მოქალაქეები კი საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლებით სარგებლობენ, რა შემთხვევაშიც საკითხის განხილვა სხვა პროცედურით მიმდინარეობს.

რეგლამენტის მიხედვით, თუ კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კომიტეტი პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით, განსაზღვრულ ვადაში შეიმუშავებს კანონპროექტს.