აშშ არ აღიარებს რუსეთის ან მისი მარიონეტების ძალისხმევას, რაც საქართველოს დაყოფისკენაა მიმართული - პრაისი

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ არ აღიარებს რუსეთის ან მისი მარიონეტების ნებისმიერი ძალისხმევის შედეგს, რომელიც  საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფისკენ იქნება მიმართული.

„ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაციას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, რაც გულისხმობს რუსეთის ჯარების გაყვანას კონფლიქტამდელ პოზიციებზე.

არც დე ფაქტო მთავრობას და არც რუსეთის ოფიციალურ პირებს არ აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები სამხრეთ ოსეთის მომავლის შესახებ, რომელიც არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი.

ისევე როგორც აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის არალეგალურ დაკავებას და ანექსიის მცდელობას 2014 წელს, ასევე არ ვაღიარებთ კრემლის მცდელობას, აღიაროს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რაც წინ უძღოდა რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვიცირებულ შეჭრას.

ასევე ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის ან მისი მარიონეტების ნებისმიერი ძალისხმევის შედეგს, რაც მიმართული იქნება საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფისკენ. ვიმეორებთ, რომ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ნედ პრაისმა. თარგმანი საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკუთვნის.


30 მარტს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება სამხრეთ ოსეთის სტრატეგიული მიზანია.

„რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ჩვენი გზაა და ხალხის მისწრაფება. ჩვენ ამ გზაზე ვივლით. უახლოეს მომავალში გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს, რუსეთის ნაწილი“, – თქვა მან.