„ეს კაპიტულანტური პოლიტიკა იწვევს მტრული ძალის მადის ზრდას“ | ოპოზიციის შეფასებები

პუბლიკა

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას რუსეთთან შეერთებასა და რეფერენდუმის შესახებ დღეს ოპოზიციური პარტიის წევრები გამოეხმაურნენ.

მათ არ უკვირთ ბიბილოვის ეს განცხადება და ამბობენ, რომ ამას მმართველი პარტიის პოლიტიკამაც შეუწყო ხელი.

„საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, რუსეთის მხრიდან, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების სრულ ანექსიაზე საუბარი გასაკვირი არ არის, ახლა განსაკუთრებით… ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვხედავთ კარგ შემთხვევაში – სრულ უმოქმედობას, ხოლო ცუდ შემთხვევაში – პროაქტიულ ნაბიჯებს, იმისთვის, რომ დავიმსახუროთ შეფასება, როგორც პრორუსულად განწყობილი ხელისუფლების“, – აცხადებს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა.

როგორც პარტია „ლელოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, როგორც ჩანს, მოსკოვში გადაწყვიტეს, რომ მათთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის „ქართული ოცნება“.

„ყოვლად უხერხემლო და კაპიტულანტური პოლიტიკა იწვევს ჩვენდამი მტრულად განწყობილი ძალის მადის ზრდას და ეს მადის ზრდა სწორედ გამოიხატა იმაში, რომ ახლა მათ მიერ დასმულმა ერთ-ერთმა პირსისხლიანმა გენერალმა გამოაცხადა, რომ ახლა უნდა ჩატარდეს, ე.წ. რეფერენდუმი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში. ეტყობა მოსკოვში გადაწყვიტეს, რომ მათთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის „ქართული ოცნება“ იმისათვის, რომ გააფორმონ ანექსია“, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

განცხადება გაავრცელა დღეს რესპუბლიკურმა პარტიამ და მთავრობას მიმართა. მათი შეფასებით, ასეთია ოკუპანტის პასუხი საქართველოს ხელისუფლების მაამებლურ დამოკიდებულებაზე რუსეთის მიმართ.

„აუცილებელია კრემლის ამ შემოტევის საპასუხოდ დასავლეთისა და უკრაინის უპირობო მხარდამჭერთა რიგებში საქართველოს დაბრუნება, ნატოში ინტეგრირების გაღრმავება და არა დისტანცირება“, – აცხადებენ პარტიაში. 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი, ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლების პოზიციამ შესაძლოა დააკარგვინოს ქვეყანას დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა.

„რაც შეეხება აფხაზებსა და ოსებს, კიდევ ერთხელ ვამბობ, სამწუხაროდ, მათ არავინ არ ეკითხება თავის ნებას, მაგრამ მე ამ შემთხვევაში შემიძლია ვისაუბრო ჩემს ხელისუფლებაზე, საქართველოში არსებულ ხელისუფლებაზე, რომლის ამ  შუალედურმა პოზიციამ შეიძლება ჩვენ დაგვაკარგვინოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა და იმის ნაცვლად, რომ ვიყოთ გამარჯვებულ მხარეს, შეიძლება ვიყოთ არსაითკენ“, – განაცხადა მან.

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არ მოქმედებს ეროვნული ინტერესების დასაცავად.

„ჩვენ არ ვიცით ეს ნაბიჯი გადაიდგმება, თუ არ გადაიდგმება. ჩვენ ვიცით ერთი რამე, რომ ჩვენი მტერი მოქმედებს და ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ ანატოლი ბიბილოვის განცხადებაზე.