ყველანაირი წითელი ხაზია გადაკვეთილი, მაგრამ არ გვაქვს უფლება, უკრაინის ხელისუფლებას დავუპირისპირდეთ - კობახიძე

პუბლიკა

„ეს არის მარტივი აბსურდი. ყველანაირი წითელი ხაზია გადაკვეთილი, მაგრამ ჩვენ მაინც არ გვაქვს უფლება, უკრაინის ხელისუფლებას უხეშად დავუპირისპირდეთ მარტივი მიზეზის გამო, ეხ ხელისუფლება არის დღეს ომის მდგომარეობაში და, შესაბამისად, ამას ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდენი ალოგიკური ნაბიჯის შედეგი და ჩვენი რეაქცია უნდა ყოფილიყო დემარში, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ ისევ და ისევ უკრაინელების ინტერესების გათვალისწინებით“, – ასე ეხმაურება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციას, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით რუსეთი კონტრაბანდის არხებს ქმნის სანქცირებული პროდუქციისთვის.

„ეს არის იმ ალოგიკური გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯების გაგრძელება, რაც ჩვენ ვიხილეთ უახლოეს წარსულში, მათ შორის, ელჩის გაწვევის სახით. ამ ყველაფერს აქვს, სამწუხაროდ, ერთი მარტივი მიზეზი, რომ ადამიანები, რომლებიც აქ არიან რადიკალურ ოპოზიციაში, იქ არის ხელისუფლების ნაწილი – სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ამგვარი ალოგიკური ნაბიჯები არის აბსოლუტურად ლოგიკური, ეს არის სამწუხარო რეალობა.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ ბრალდებას, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. ამას რბილად ვამბობ, სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა არის ცალმხრივი, თუმცა მაინც მზად ვართ, ეს ცალმხრივი მეგობრობა გავაგრძელოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ უკრაინელი ხალხის, სახელმწიფოსა და ქვეყნის ინტერესების რეალიზებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი საქართველოს გავლით კონტრაბანდის მიღების არხებს ავითარებს.

როგორც დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს დაზვერვის წარმომადგენლებმა დირექტივა მიიღეს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, რომ ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის.