ევროკავშირი რუსეთისთვის ახალ სანქციებს აწესებს. სანქციების მეხუთე პაკეტის შინაარსი ევროკავშირმა ოფიციალურად დღეს გამოაქვეყნა.
სანქციების ახალი პაკეტი მიზნად ისახავს, რომ კიდევ უფრო მეტად და მრავალმხრივ მიაყენოს ზიანი რუსეთის ეკონიმიკას, კრემლის მიერ უკრაინაში დაწყებული სასტიკი აგრესიის გამო. სანქციების მეხუთე პაკეტი, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აქამდეც ისაუბრა, 6 მიმართულებით დაწესდება.
- ევროკავშირი აკრძალავს ნებისმიერი ფორმით ქვანახშირის ყიდვას რუსეთისგან, რაც რუსული ექსპორტის მეოთხედია და ქვეყანას წლიურად 8 მილიარდი ევროს შემოსავალს აძლევდა.
- რუსეთის ოთხ წამყვან ბანკს, მათ შორის, VTB-ს, ყველა სახის ტრანზაქციას აუკრძალავენ. ფონ დერ ლაიენის თქმით, VTB რუსეთში სიდიდით მეორე ბანკია, ეს 4 უმსხვილესი ბანკი კი რუსული საბანკო სექტორის 23%-ს იკავებს, რაც დამატებით დაასუსტებს რუსეთის საფინანსო სექტორს. ასევე სანქციები შეეხება კრიპტოვალუტის აქტივებს და მეტად შეუზღუდავს რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში თავიანთი ქონების დაგროვებას.
- რუსულ და რუსეთის მიერ ოპერირებულ გემებს ევროკავშირის პორტებში შესვლა აეკრძალებათ. გამონაკლისი იქნება მხოლოდ საკვებით, აუცილებელი საჭიროებებით, ჰუმანიტარული ტვირთითა და ენერგორესურსებით დატვირთული გემები. თუმცა, დამატებით შეიზღუდება რუსული და ბელარუსული სახმელეთო ტრანსპორტიც.
- რუსეთში ექსპორტზე დამატებით დაწესდება მიზნობრივი აკრძალვები, იმ სფეროში, რომელშიც ის ყველაზე მოწყვლადია და კიდევ 10 მილიარდი ევროს ზარალს მიაყენებს. სანქცირებული იქნება ტრანსპორტისა და ტექნოლოგიების, ქიმიური მასალების სექტორი, რაც რუსეთის ინდუსტრიულ შესაძლებლობებს მიაყენებს ზიანს. ასევე შეიზღუდება საწვავი ელემენტების ექსპორტი, რისი გამოყენებაც რუსულ არმიაში შეიძლება.
- დაწესდება შეზღუდვები რუსეთიდან გარკვეული ტიპის საქონლის, ჯამში, 5.5 მილირადი ევროს მოცულობის პროდუქციაზე. მათ შორისაა ხის მასალა, ცემენტი, სპირტიანი სასმელები, ზღვის პროდუქტები და სხვ.
- ევროკავშირი დამატებით გაატარებს მიზნობრივ შეზღუდვებს, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბაზარზე რუსული კომპანიებისთვის საჯარო შესყიდვებში მონაწილეობის შეზღუდვით, რუსული სტრუქტურებისთვის საერთო ევროპული თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერის სრულად შეჩერებით და სხვ. ეს მოიცავს მეცნიერებისა და განათლების სფეროსაც.