რუსეთში ამტკიცებენ, რომ ბელგოროდის თავზე რაკეტები ჩამოყარეს, კიევში აცხადებენ, რომ რუსეთი თავად აწყობს პროვოკაციებს

პუბლიკა

რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის მოსაზღვრე რეგიონში, ბელგოროდის თავზე საჰაერო თავდაცვამ ორი რაკეტა ჩამოაგდო. ასევე, რუსეთის უსაფრთხოების სამსახური გუშინ ამტკიცებდა, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე უკრაინელებმა ცეცხლი გახსნეს. ხოლო რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, უკრაინელებმა შეტევა რუსეთის ტერიტორიაზე ვერტმფრენებით მიიტანეს.

ასევე, გუშინ ბრიანსკის ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინელები დაადანაშაულა სოფელ კლიმოვოს დაბომბვაში, რის შედეგადაც, მათი მტკიცებით, რვა ადამიანი დაშავდა.

უკრაინის ხელისუფლება კი ავრცელებს აუდიოჩანაწერს, რომელიც მათი განცხადებით, რუსი სამხედროსა და მისი ცოლის სატელეფონო საუბარს ასახავს. ჩანაწერში სამხედრო ამბობს, რომ რუსები გარკვეული მიზნებით დასახლებებს თავად ბომბავენ.

სამხედრო ამბობს, რომ როგორც ჩეჩნეთის ომის შემთხვევაში ააფეთქეს კორპუსები თავად რუსებმა, თითქოსდა ტერორისტული აქტი მოხდა, აქაც რუსეთის უშიშროება მოქმედებს.

გუშინ პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თუკი უკრაინა გააგრძელებს „პროვოკაციებს რუსეთის ქალაქებზე თავდასხმით“, მაშინ რუსეთს მოუწევს, რომ მას ომი გამოუცხადოს.

რუსეთი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, იგორ კონაშენკოვი კი უკრაინას კიევში მდებარე „გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე“ თავდასხმით დაემუქრა.

იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან დივერსიებისა და თავდასხმების მცდელობებს ხედავენ, მათ შორის, რუსეთის ტერიტორიაზე, რასაც რუსეთის საპასუხო ზომები მოჰყვება.