„უკვე დღეიდან ვიწყებთ განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას“, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც მან თქვა, პროგრამის დაფინანსების ჯამური მოცულობა დაახლოებით 2.5 მილიარდი ლარი იქნება, მაგრამ საწყის ეტაპზე 2 მილიარდი ლარით დაიწყება.
ამასთანავე, მისი თქმით, პროგრამის განხორციელებისას 20 000 ადამიანი დასაქმდება.
„დავამუშავეთ ჩემ მიერ რამდენიმე კვირის წინ გახმაურებული ინიციატივა. ეს ეხება ზოგადად ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას და დღეს უკვე ვიწყებთ ამ პროგრამას“, – განაცხადა მან.
ირაკლი ღარბაშვილმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც წელსვე დაიწყება და მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.
„მე მინდა, სამინისტროების მიხედვით ჩამოვთვალო ის დიდი, მასშტაბური პროექტები, რომლებსაც დავაფინანსებთ. სამუშაოების დაწყება ჩვენ გვინდა წელსვე და სამიდან ოთხ წლამდე, დაახლოებით 3 წელიწადში გვინდა, რომ ყველა სამუშაო, რომელსაც ჩამოვთვლი, იყოს დასრულებული. პროექტები იქნება ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის და მინდა, რამდენიმე პროექტი გაგაცნოთ.
ჩვენ სამშენებლო სექტორს შევთავაზებთ, რომ მოიზიდონ ჩვენი გარანტიით, გარანტირებული დაკვეთით დამატებითი ფინანსური რესურსი და ჩაერთონ ამ პროგრამაში. ვფიქრობ, ეს იქნება უნივერსალური გადაწყვეტილება. ეკონომიკას დაეხმარება ეს ყველაფერი. ასევე, ბიზნესისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, როგორც აღვნიშნე. მთავრობა საკუთარ პროექტებს განახორციელებს ვადაზე ადრე,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე პროექტზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც უნდა დაიწყოს:
- იგეგმება 800 სკოლის მოწესრიგება, მათ შორის, აშენდება 80 ახალი სკოლა, აგრეთვე, ქვეყნის მასშტაბით აშენდება 90 საბავშვო ბაღი და რეაბილიტირდება 412.
- პოლიციელებისთვის აშენდება 1000-ბინიანი ქალაქი. „პირობები იქნება იგივე, რაც ჯარისთვის იყო, ანუ დაახლოებით 1 კვადრატულ მეტრზე 100 დოლარის ეკვივალენტს გადაიხდიან ჩვენი პოლიციელები, დანარჩენს ყველაფერს სახელმწიფო დაფარავს“, – თქვა ღარიბაშვილმა.