ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყება – პრემიერი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია დაიწყება.

„მინდა, გამოვყო მუზეუმი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, რომლის შენობის რეაბილიტაციაც დაიწყება წელს – ეს არის ჩვენი სურვილი“, – განაცხადა მან.


თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ხელოვნების მუზეუმის შენობის ფიზიკური მდგრადობის საკითხი. ამას წინ უძღოდა მინისტრის განცხადებები, რომ ხელოვნების მუზეუმი „ბოლო 15 წლის განმავლობაში გამოიშიგნა“.

მინისტრის განცხადებების შემდეგ გამოქვეყნდა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის „მზიდი კონსტრუქციების“ შესახებ კვლევა, რომელშიც საუბარი იყო შენობის ნაწილის გამაგრების „არარენტაბელურობაზეც“.

მინისტრის ამ განცხადებებსა და გადაწყვეტილებებს საზოგადოების, სპეციალისტების მწვავე შეფასება და პროტესტი მოჰყვა. დარგის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კულტურის მინისტრად წულუკიანის დანიშვნამდე არსებობდა შენობის რეაბილიტაციისა და ექსპონატების ევაკუაციის გეგმა, რომელზეც ეროვნული მუზეუმის გუნდი ექსპერტებთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა და რომელიც წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ უარყვეს. სამინისტრომ ევაკუაციის ახალი გეგმა დაამტკიცა. მალევე შენობიდან გადაიტანეს ექსპონატები, მათთვის შეუსაბამო გარემოს საფუძვლით. ევაკუაციის ახალ გეგმას არ იწონებდნენ მუზეუმცოდნეები, ხელოვნებათმცოდნეები და სხვადასხვა დარგის ექსპერტები.

ევაკუაციის გეგმის დამტკიცებას წინ უძღოდა შპს „კარიატიდას“ მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც 1 ივლისით არის დათარიღებული. სამინისტრო აცხადებს, რომ დასკვნის მიხედვით, მხოლოდ „შენობის მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის გაძლიერება არის შესაძლებელი“.

პერიოდულად ხელოვნების მუზეუმსა  და სამინისტროსთან მიმდინარეობდა აქციები, რის შემდეგაც სამინისტროს მხრიდან შენობის „არარენტაბელურობაზე“ საუბარი შეწყდა.