დღეს აქ იქნებოდა მეორე მარიუპოლი, აი, ამას აგარიდათ ბიძინა ივანიშვილმა - ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის პოლიტიკაში.

„ბიძინა ივანიშვილმა რაც გაუკეთა ჩვენს ქვეყანას, მე ვისურვებდი, რომ ყველა ქართველმა თუ არა, ყველა მეათე ქართველმა შეძლოს ის, რაც გააკეთა ერთმა კაცმა.

მე მინდა, თქვენ დაგისვათ კითხვა და 1 წამით წარმოვიდგინოთ ბიძინა ივანიშვილს რომ არ მოეშორებინა ეს ქვეყნის დამღუპველი და გამანადგურებელი ძალა, სააკაშვილის მეთაურობით, დღეს გარანტიას გაძლევთ, რომ იქნებოდა ისევ სააკაშვილი ხელისუფლებაში და დღეს აქ იქნებოდა მეორე მარიუპოლი, და აი, ამას აგარიდათ ბიძინა ივანიშვილმა თქვენც და ყველა”, – უთხრა მან ჟურნალისტებს.


25 აპრილს მედიაში გავრცელდა ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი რუს სანქცირებულ ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრება. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არაა. ჩანაწერების მიხედვით, ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილის ეუბნება, რომ საქართველოში ჩამოსულია მისი წარმომადგენელი და სთხოვს, რომ მას შეხვდეს.

ბიძინა ივანიშვილი კი პასუხობს, რომ მის წარმომადგენელს პრემიერს შეახვედრებს, რადგან „ახალგაზრდა ბიჭია და ყველაფერს მიხედავს“.

დღეს რუსმა ოლიგარქმა ვლადიმერ ევტუშენკოვმა საქართველოში მისი წარმომადგენლის ალი უზდენოვის ვიზიტთან დაკავშირებული ინფორმაცია დაადასტურა.

საქართველოს ხელისუფლება უზდენოვის პრემიერთან შეხვედრას უარყოფს, ევტუშენკოვმა კი „ფორმულასთან“ თქვა, რომ მას ივანიშვილთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და უზდენოვის ვიზიტსაც პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონია.