ძალიან მარტივად ვუთხარი, რომ ვერ შევხვდებოდი, არ ვიყავი ქალაქში - ღარიბაშვილი ჩანაწერზე

პუბლიკა

„მე არ ვთვლი, რომ პრემიერ-მინისტრმა უნდა გააკეთოს კომენტარი რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე, ეს ერთი. არის გაუგებარი, რა თქმა უნდა. არის ავთენტური, არ არის ავთენტური – ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთ საუბრებზე და ასეთ ჩანაწერებზე სპეკულირება. მით უმეტეს სერიოზული კომენტარის გაკეთება…”, – ასე ეხმაურება პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ინფორმაციას „ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბრის სავარაუდო ჩანაწერზე.

მან ასევე აღნიშნა ის, რომ არ შეხვედრია რუს ბიზნესმენს და ის ბიზნესსექტორთან გადაამისამართა.

„რაც შეეხება შეხვედრას, რატომ არის ამხელა აჟიოტაჟი ატეხილი? რა მოხდა, რამე დანაშაულს ჰქონდა ადგილი?! რამე მოხდა ისეთი, თუ რაზეა საუბარი?

…ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა გუშინ გაავრცელა ვრცელი კომენტარი და მე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ახლა, რომ მისი ერთხელ გავრცელებულის კომენტირება დავიწყო. მე მართლაც მომმართა დავით ხიდაშელმა, რომ არსებობდა რაღაც გარკვეული ბიზნესშემოთავაზებები. უბრალოდ ძალიან მარტივად ვუთხარი, რომ ვერ შევხვდებოდი, არ ვიყავი ქალაქში და გადავამისამართე ბიზნესსექტორთან.

როგორც თავადაც დაადასტურა, აღნიშნული რუსი ბიზნესმენი ჩამოსული იყო საქართველოში და დავით ხიდაშელთან ერთად შეხვდა რამდენიმე ბიზნესწარმომადგენელს.

ახლა მე მინდა, მთავარი შეკითხვა დავუსვა ამ აჟიოტაჟის ავტორებს – რაიმე გაგრძელება, რაიმე შედეგი დადგა? ნული. არავითარი გაგრძელება და შედეგი არ მოჰყოლია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 


25 აპრილს მედიაში გავრცელდა ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი რუს სანქცირებულ ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრება. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არაა. ჩანაწერების მიხედვით, ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილის ეუბნება, რომ საქართველოში ჩამოსულია მისი წარმომადგენელი და სთხოვს, რომ მას შეხვდეს.

ბიძინა ივანიშვილი კი პასუხობს, რომ მის წარმომადგენელს პრემიერს შეახვედრებს, რადგან „ახალგაზრდა ბიჭია და ყველაფერს მიხედავს“.

დღეს რუსმა ოლიგარქმა ვლადიმერ ევტუშენკოვმა საქართველოში მისი წარმომადგენლის ალი უზდენოვის ვიზიტთან დაკავშირებული ინფორმაცია დაადასტურა.

საქართველოს ხელისუფლება უზდენოვის პრემიერთან შეხვედრას უარყოფს, ევტუშენკოვმა კი „ფორმულასთან“ თქვა, რომ მას ივანიშვილთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და უზდენოვის ვიზიტსაც პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონია.