როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც საქმე სუიციდს ეხება | ინტერვიუ მაია ცირამუასთან

სუიციდთან ბრძოლაში ინფორმირებულობა მნიშვნელოვანი იარაღია. თვითმკვლელობისა თუ მისი მცდელობის შემთხვევებში, ხშირად თვალსაჩინო გამხდარა, რომ საზოგადოებამ თუ მედიამ არ იცის, როგორ უპასუხოს სწორად ამ პრობლემას. და ერთი შეხედვით, კეთილგანწყობითა და დახმარების სურვილით ნაკარნახევმა მოქმედებამ, შესაძლოა, რისკის წინაშე დააყენოს სხვები.

როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები? როგორი უნდა იყოს ჩვენი ქცევა სოციალურ ქსელებში? რა ზიანი შეიძლება მოიტანოს საზოგადოებისა თუ მედიის დაუფიქრებელმა, არასწორმა ქმედებამ? – ამ საკითხებზე „პუბლიკა“ ფსიქოლოგ მაია ცირამუას ესაუბრა.

როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები? ასეთ დროს როგორ მოვიქცეთ და როგორ არ უნდა მოვიქცეთ?

ნებისმიერი თვალშისაცემი ცვლილება – როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ თანდათან ადამიანი კარგავს კავშირს გარესამყაროსთან, იზოლაციაში მიდის, იცვლება მისი კვების, დღის რუტინის ჩვევები, ნაკლებად შემოდის კონტაქტში – ყველა ეს ნიშანი არის საყურადღებო, თუმცა ყოველთვის ვერ ვიტყვით, რომ, თუ ეს ნიშნები აქვს ადამიანს, აუცილებლად სუიციდური ფიქრებით არის შეპყრობილი, მაგრამ ყველამ, ვისაც გვერდით ჰყავს ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირი, უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს. ასევე, ჩვენ არ უნდა გამოგვრჩეს და აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება მინიშნებებზე, რომელსაც ისინი ძალიან ხშირად აკეთებენ, რომ განზრახული აქვთ სუიციდი. შეიძლება, ეს იყოს ჩვეულებრივ კომუნიკაციაში ახლობელ ადამიანთან, რომ: „მომბეზრდა ყველაფერი“, „აღარაფერს აზრი არა აქვს“ და ა.შ. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ როგორ ვუპასუხებთ და როგორი რეაქცია გვექნება.

რადგანაც, ზოგადად, ეს საკითხი ყველას გვაშინებს, ხშირად თავიდან ვირიდებთ, არასერიოზულად ვუყურებთ ან შეიძლება განსჯითი დამოკიდებულება ჩაგვერთოს, მაგალითად: „შენ ხომ ყველაფერი გაქვს“, „რა გჭირს საამისო“ და ა.შ. ასეთი განსჯითი დამოკიდებულება ადამიანს არ ეხმარება.

მას უნდა მივცეთ საშუალება, გვითხრას, რატომ ფიქრობს ასე. უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ჩვენ მის გვერდით ვართ, რომ მისი ემოციური მხარდამჭერი ვართ (მხარდამჭერი არა იმაში, მას რაც აქვს განზრახული, არამედ, რომ მუდამ მზად ვართ მოვუსმინოთ, მუდამ მზად ვართ, გავიზიაროთ მისი ემოციები) და ასეთი განცხადებების შემდეგ აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ. ეს მოქმედებაც სხვადასხვანაირია. შეიძლება, ოჯახის წევრს დაუკავშირდე და ის ჩააყენო საქმის კურსში, თუ ხედავ, რომ ეს ძალიან ექსპლიციტურად არის გამოხატული, მაგალითად, მიიღე წერილი ამის შესახებ, აუცილებლად, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინო 112-ს. არის სხვა მიმანიშნებლებიც, რომელთაც ყოველთვის ვუზიარებთ ახლობლებს, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება და რა არის უტყუარი ნიშანი ამისა, თუმცა საჯაროდ ამაზე საუბარი არ იქნებოდა მართებული, რადგან ამან შეიძლება გავლენა იქონიოს იმ პირზე, ვისაც მსგავსი ფიქრები აქვს და გეგმა სხვანაირად გადააწყოს.

თუ ახლობელ ადამიანს უკვე ჰქონდა მსგავსი მცდელობა, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ?

ჩვენ, კლინიკური სპეციალისტები, მცდელობას ან თუნდაც აზრების ქონას (ან გეგმის) განვიხილავთ, როგორც ძალიან სერიოზულ რისკფაქტორს. მითია, თითქოს თუ ადამიანმა ეს ერთხელ ჩაიდინა, ის აღარ გაიმეორებს, რადგან მან ეს გადალახა, გადარჩა, დააფასა ცხოვრება და ა.შ. – ბევრი სხვადასხვა მოსაზრებაა და ამას ყოველთვის ისე უნდა შევხედოთ, როგორც რისკფაქტორს.

მაგალითად, სკრინინგის დროს, როდესაც რომელიმე ინსტიტუციაში შედის ადამიანი, სხვადასხვა ტიპის სკრინინგზე, ჩვენთვის ყოველთვის „წითელს ანთებს“, ანუ საფრთხის შემცველი ნიშანია, თუ ვიცით, რომ მას ჰქონდა მცდელობა სუიციდის და თუ რომელიმე ინსტიტუციაში შემოდის ასეთი პირი, ჩვენ ვალდებულნი ვართ, იმ გუნდს შევატყობინოთ და ჩავაყენოთ საქმის კურსში, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობს და ამის შესახებ იცოდეს, დავუშვათ, სოციალურმა მუშაკმა, თუკი ჰყავს. ასეთ დროს განსაკუთრებული ინფორმირება სჭირდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც უახლოეს გარემოცვას წარმოადგენენ, მაგალითად, ოჯახის წევრებს.

სპეციალისტი აუცილებლად მუშაობს ოჯახის წევრთან, რომელიც ყველაზე ახლოს არის, ყველაზე უფრო გახსნილი ურთიერთობა აქვს. არსებობს გარკვეული პროტოკოლი, გარკვეული შეთანხმება, როდის მიმართავს ის ზარს – რაიმე ნიშნების შემჩნევისას ამას აუცილებლად ატყობინებს მის მკურნალ ექიმს (დავუშვათ, თუ ფსიქიატრია ჩართული). ასევე, მნიშვნელოვანია, თუ რა ფორმით იყო სუიციდის მცდელობა. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მედიკამენტია დანიშნული, ეს მედიკამენტი, რა ასაკისაც არ უნდა იყოს ადამიანი, ჯობია, მიიღოს ზუსტად იმ დოზით, რაც ესაჭიროება. მას ხელში არ უნდა ჰქონდეს, ხელი არ უნდა მიუწვდებოდეს მასზე და ამაზე ძალიან უნდა ზრუნავდეს გარემო, განსაკუთრებით, როდესაც საქმე თინეიჯერებს ეხება. ეს ძალიან საყურადღებოა.

ყოველთვის უნდა იყოს, გარკვეულწილად, გათვალისწინებული ის, თუ რა ფორმით იყო მცდელობა, რათა ხელმისაწვდომობა იმ საშუალებებზე მაქსიმალურად იყოს შეზღუდული. მაქსიმალურად დაკვირვებული იყოს ადამიანი, ფრთხილად დაკვირვებული. ყოველ შემთხვევაში ჩვენ, სპეციალისტებს, როდესაც ასეთ შემთხვევაზე ვმუშაობთ, ძალიან სერიოზული სამუშაოს ჩატარება გვიწევს მის მხარდამჭერსა თუ ოჯახის წევრთან, როდესაც ის ხდება ჩვენი პარტნიორი ამ საქმეში. ძალიან დიდია მისი როლი. არ არსებობს სუიციდის მართვა, სადაც არ არის ჩართული ოჯახის თუნდაც ერთი წევრი.

როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება, თუკი მსგავსი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა? როგორი უნდა იყოს ქცევა სოციალურ ქსელში? რა ზიანი შეიძლება მოიტანოს არასწორმა ქცევამ?

რა თქმა უნდა, ეს ძალიან შოკისმომგვრელი, დამთრგუნველი და მტკივნეულია, თუმცა ჩვენ, ყველას, ვინც ვართ სოციალური ქსელის მომხმარებელი, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ სულ გონებაში უნდა გვედოს – არ შევუწყოთ ხელი ამ ამბის გავრცელებას; არ გავხდეთ პირი, რომელიც ამას გაიზიარებს, მით უმეტეს – საჯაროდ.

არ ვიცი, ეს როგორ უნდა გაკეთდეს; ამაში არა ვარ კომპეტენტური, მაგრამ Facebook-საც უნდა ჰქონდეს სწრაფი რეაგირების მექანიზმი, რომ  შეიზღუდოს მისი გავრცელების შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ვხედავ, რომ ეს არ არსებობს და ამიტომ ეს საქმე მინდობილი გვაქვს კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობაზე, კონკრეტული ადამიანების გათვითცნობიერებაზე.

მსგავსი ინფორმაციის გავრცელება რა რისკს შეიცავს?

ძალიან სერიოზული რისკისშემცველია, განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, რომლებიც თვითონ ამ რისკის მატარებლები არიან. ხშირად ცუდად დაინტერესდება ხოლმე ადამიანი (გააჩნია ვინ წერს, რამდენად პოპულარულია, რამდენად გავლენიანია ან ავტორიტეტული ფიგურა ის ადამიანი, რა ფორმით წერს). შეიძლება, ეს ძალიან ცუდად შეეხოს გარკვეულ პირს, რომელიც შეიძლება, სწორედ ამ დილემის წინაშეა – გააგრძელოს თუ შეწყვიტოს ცხოვრება. ყოველთვის უნდა დავუშვათ, რომ შეიძლება, იყოს სადღაც ამ კუთხით მოწყვლადი ადამიანი, თავისი ასაკის, ემოციური მდგომარეობის შესაბამისად და ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ისინი, რადგან, მოგეხსენებათ, საკმაოდ ცნობილი ფენომენია  Copy-cut, როდესაც ხდება ზუსტად განმეორება, როდესაც ერთი შემთხვევა ხდება და არასწორად მიდის გაშუქება, რომანტიზება, შეიძლება, ზოგჯერ ვირუსულადაც გავრცელდეს, იმდენი გაზიარება ჰქონდეს ასეთი ტიპის ინფორმაციას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ხიფათისშემცველია და თითოეული მოქალაქის ინფორმირებულობასა და პასუხისმგებლობას აქვს ძალიან დიდი როლი, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ – უნდა არსებობდეს რაიმე დაუყოვნებლივ მოქმედების მექანიზმი, რომ ეს წაიშალოს არა ერთი საათის შემდეგ, როდესაც უკვე მილიონ ადამიანს ექნება ნანახი, არამედ დაუყოვნებლივ მოხდეს ამაზე რეაგირება.

როგორ უნდა გააშუქოს მედიამ, როდესაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი?

ჩემთვის როგორც სპეციალისტისთვის, როგორც ადამიანისთვის არ არსებობს არანაირი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც გადაწონის თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლეს, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში მედიამ აქ უნდა იმოქმედოს ძალიან ფრთხილად და იმ სახელმძღვანელო პრინციპების ზედმიწევნით დაცვით, რომლებიც, ზოგადად, უკვე დადგენილია და საქართველოში ეს არსებობს – სუიციდის გაშუქების გარკვეული პროტოკოლი, რომელიც გულის ფიცარზე უნდა ეწეროს თითოეულ ჟურნალისტს. არ შეიძლება, ეს ყვითელი თემა გახდეს; არ შეიძლება, რაც არ უნდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყოს, მით უმეტეს, როდესაც მცდელობაა და როდესაც ამას აშუქებ, ატრიალებ მთელი დღე, ნამდვილად ძალიან ცუდია. რა არის ამის მიზანი? –სულ ეს კითხვა მიჩნდება, აქედან უნდა ამოვიდეს ჟურნალისტი, რა არის გაშუქების მიზანი. ის, რომ ჩვენ ვისაუბროთ პრევენციაზე, ის, რომ ჩვენ შევეხოთ ქვეყანაში არსებულ ეგზისტენციალურ, სოციალურ თუ სხვადასხვა ტიპის პრობლემას, ამაზე სიყვითლის გარეშე შეიძლება საუბარი; ამაზე შეიძლება, ისე ვისაუბროთ, რომ არ იყოს დღის მთავარი თემა, არ იყოს პირველი თემა; ამასთანავე, არ შეიძლება მედიასაშუალებებით ციტირება თუნდაც იმ ტექსტის, რომელიც ადამიანმა დაწერა ან თვითმკვლელობის საშუალებების აფიშირება და ა.შ.

ჩემთვის არ არსებობს არანაირი საზოგადოებრივი ინტერესი. ეს არის ძალიან გამაღიზიანებელი და ყურით მოთრეული არგუმენტი, რომ რაიმე გადაწონის თუნდაც ერთი ადამიანის არათუ სიცოცხლეს, არამედ მცდელობას, რადგან ეს მცდელობაც ძალიან სერიოზული ტრავმაა და ძალიან სერიოზული რიკსფაქტორი ხდება თვითონ ამ ადამიანისთვის; ასევე, ძალიან სერიოზული ტრავმაა გარშემომყოფებისთვისაც, ამიტომ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ამისგან ადამიანები.

„მაღალ საზოგადოებრივ ინტერესზე“ ერთი მაგალითი მახსენდება, როდესაც არასრულწლოვანი დაკითხეს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში…

მესმის, რასაც გულისხმობთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ იმ პრობლემებსა და გამომწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას ესა თუ ის უწყება. პრობლემაზე ვისაუბროთ, გამოსავალზე ვისაუბროთ, ყოველგვარი დრამატიზების ან რომანტიზების გარეშე, ასეთი ფაქტების. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ზოგიერთი მედია იცავდა ამ პრინციპებს, ზოგი კი, პირიქით, მის გავრცელებას უწყობდა ხელს, თუნდაც ამ ადამიანის ბოლო ფრაზისა და ა.შ… შეიძლება, არ იყო ამხელა გაცნობიერებულობა, მაგრამ მე, პირადად, ერთი სპეციალისტი ვარ მომსწრე იმისა, თუ როგორ მოიმატა მაშინ სუიციდურმა აზრებმა და რისკმა იმ თაობის ადამიანებში.

ხშირად მომსწრენი ვყოფილვართ, რომ სინანულს გამოხატავს ოჯახის წევრი და წერილს სწერს უკვე გარდაცვლილ ადამიანს, ინანიებს და ა.შ. ასეთი რამის გავრცელება არის ძალიან სახიფათო და ასეთი შემთხვევა ყოფილა, მედიაში არა, მაგრამ სოციალურ ქსელში გავრცელებულა ელვისებური სისწრაფით. არ ვიცით ჩვენ, ეს სინანული როგორ შეძრავს და რა იმპულსებს გააღვიძებს თავის ოჯახზე, შეყვარებულზე, ან ნებისმიერ სხვაზე ნაწყენ ადამიანში, ამიტომ აქაც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.


სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესები იხილეთ ბმულზე.

  • ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025)
  • მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88
  • ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 11 61 11; 2 42 14 22
  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 15 05