ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ, რომელმაც ციხე დღეს დატოვა, საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი – 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმე განიხილება.
თუმცა, მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის თქმით, არ აქვთ მოლოდინი, რომ ამ საქმეზე თუნდაც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომით მერაბიშვილს ისევ პატიმრობა მოუწევს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ფორმულასთან” განაცხადა.
„რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ის საქმე, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გახდება ეს განმაპირობებელი იმის, რომ მერაბიშვილს ამ საქმით მიესაჯოს. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს საქმეც არის 2012 წლამდე ქმედებასთან დკაავშირებით. შესაბამისად, შთანთქმის პრინციპით ის უკვე მოხდილად ჩაეთვლება.
მსგავს, ანალოგიურ მუხლზე მას ჰქონდა მისჯილი 5 წელი. შესაბამისად, არ გვაქვს მოლოდინი, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, 5 წელზე მეტი იქნება სასჯელი. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მერაბიშვილს 6 წელი და 9 თვე აქვს მოხდილი“, – თქვა გიორგი ჩივიაშვილმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას ახალი ბრალის წაყენებაზე, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი მიიჩნევს, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესისა და უგულავას ხელახლა დაპატიმრების გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, ვანო მერაბიშვილს ციხეში დაბრუნებაც მოუწიოს.
„არაფერია გამორიცხული, მაგრამ ეს იქნება ძალიან დიდი უგუნერება. ძალიან გაუჭირდებათ ამის გაკეთება, მაგრამ ეს დაშვება უნდა გავაკეთოთ, რომ ხელისუფლება შეიძლება ასეთ რამეზეც წავიდეს“, – განაცხადა ჩივიაშვილმა.
7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.
„მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება“, – განაცხადა მან ციხის დატოვების შემდეგ. მისი თქმით, ის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. კონკრეტულ გეგმებზე კი მოგვიანებით ისაუბრებს.
„წლის ბოლომდე, მე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის მერე ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება…“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა: მათ შორისაა: 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმე.
სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.