კიბერშეტევის საქმის გამოძიებაში ბრიტანეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრი მონაწილეობდა – ბრიტანეთის საელჩო

პუბლიკა

ბრიტანეთის საელჩო 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ფართომასშტაბიან კიბერშეტევაზე განცხადებას აქვეყნებს.

„გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოააშკარავეს, რომ „გრუ“ – რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური – პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე.

გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრმა (NCSC), დიდი ალბათობით დაადგინა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს „გრუ-მ“ განახორციელა მასშტაბური და ზიანის მომტანი კიბერშეტევები. ისინი მიმართული იყო სხვადასხვა ქართული ვებპროვაიდერების მიმართ, რამაც შედეგად გამოიწვია ვებგვერდების სახეცვლილება, მათ შორის, საქართველოს მთავრობის, სასამართლოების, არასამთავრობო სექტორის, მედია და ბიზნესორგანიზაციების ვებგვერდების. კიბერშეტევამ ასევე შეაფერხა რამდენიმე ნაციონალური ტელეარხის მაუწყებლობა.

ეს კიბერშეტევები ნაწილია იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი მიმართავს საქართველოს წინააღმდეგ. გაერთიანებული სამეფო მკაფიოა იმაში, რომ „გრუ-ს“ მიერ განხორციელებული ეს კიბერშეტევები არის მცდელობა, შეარყიოს საქართველოს სუვერენიტეტი, დათესოს გაურკვევლობა და ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას. გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა:

„გრუ-ს“ უპასუხისმგებლო და თავზეხელაღებული კიბერშეტევების კამპანია საქართველოს, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია.

„რუსეთის მთავრობას აქვს არჩევანი: გააგრძელოს ეს აგრესიული მოქმედებების სერია სხვა სახელმწიფოების მიმართ ან გახდეს პასუხისმგებლიანი პარტნიორი, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს.
„გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს მათ გამოააშკარავებას, ვინც მიმართავს უგუნურ კიბერშეტევებს და ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას „გრუ-ს“ დამაზიანებელი მოქმედებების აღსაკვეთად“.