„მაიმუნის ყვავილის“ ერთ საეჭვო შემთხვევაზე კვლევა დღეს დასრულდება - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის  ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ე.წ. მაიმუნის ყვავილის ერთ საეჭვო შემთხვევაზე კვლევა დღეს დასრულდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოთხი საეჭვო შემთხვევიდან, სამი არ დადასტურდა, ერთ შემთხვევას კი ამ დრომდე იკვლევენ.

გამყრელიძის თქმით, პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და გუშინ საავადმყოფოდან გაეწერა.

„დღეს დამთავრდება სეკვენირების ანალიზი და ვაცნობებთ როგორც საზოგადოებას, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასაც. ამ ერთ შემთხვევაში იყო მოგზაურობის ისტორია. პაციენტს ჰქონდა კლინიკური და ეპიდემიოლოგიური ნიშნები. მისი მდგომარეობა მსუბუქი იყო და ის მკურნალობის შემდეგ უკვე სახლშია გაწერილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეხვედრისას ასევე ითქვა, რომ პაციენტმა სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართა სამედიცინო დაწსეებულებას, მას ჰყავდა მინიმალური რაოდენობის კონტაქტები და ყველა მათგანი იყო ე.წ. დაბალი რისკის კონტაქტი. პაციენტის კონტაქტებზე ზადამხედველობა დაწესებულია. თავად პაციენტი კი გამოჯანმრთელებამდე იყო სრულად იზოლირებული, შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი თუკი ვირუსი დადასტურდება, „გავრცელების არანაირი რისკი არ არსებობს.“

გამყრელიძის თქმით, ჯერჯერობით „მაიმუნის ყვავილისთვის“ მასობრივ ვაქცინაციაზე საუბარი არ არის.

„ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს და მარაგებიც არის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას 40 მილიონ დოზამდე აქვს, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს და რამდენიმე ქვეყანას. დღევანდელი ხედვით, მასობრივი ვაქცინაცია “მაიმუნის ყვავილის” საწინააღმდეგოდ არ განიხილება. იქ, სადაც ენდემურად იყო “მაიმუნის ყვავილი”, იქაც არ იყენებენ მასობრივად ვაქცინას და ე.წ. ბეჭდისებრი აცრა განიხილება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

გამოვლენილი 1600 შემთხვევა, ყველა მსუბუქია და არცერთი ლეტალური გამოსავალი ენდემური ქვეყნების გარეთ არ დაფიქსირებულა. ამიტომ ჯერჯერობით ვაქცინაციაზე, მითუმეტეს, ე.წ. მასობრივ ვაქცინაციაზე საუბარი არ არის”,- განაცხადა გამყრელიძემ.