11 მაისი
უკრაინული დღეების პირველი ნაწილი წაიკითხეთ აქ.
გათენდა ჩვენი პირველი დილა უკრაინაში და ლვოვში. ფაქტიურად იმ დილას გავიცანი მიხასი და ულიანა, ორი უსაყვარლესი გოგონათი, რომლებსაც ასევე უსაყვარლესი სახელები ერქვათ – ემილია და მელანია…
ჩვენს გარდა, მათ სახლში სხვა სტუმრებიც იყვნენ – ძალიან არ მიყვარს ეს საშინელი სიტყვა – ლტოლვილი, მაგრამ სადაც ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა გაიარა, ხო ბალახიც აღარ ამოვიდა, მხოლოდ სისხლისღვრა, სიკვდილი, ლტოლვილები და უბედურება… ასე რომ ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ კიეველი მუსიკოსი ნიკიტა და მისი მეუღლე ანასტასია, ოდესლი იგორი და კიდევ რამდენიმე ადამიანი
მიხასი და ულიანა მიუხედავად იმისა რომ ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, მშვენივრად ართმევდნენ თავს ყველაფერს. ბედნიერები იყვნენ, ერთმანეთი უყვარდათ და იგრძნობოდა რომ, ვერანაირი ომი მათ ვერ მოერეოდა.
გოგამ და მე გადავწყვიტეთ რაც შეიძლება ნაკლებად შეგვეწუხებინა ისედაც პრობლემებით დახუნძლული ჩვენი მასპინძლები და მეორე დღესვე გაგვეგრძელებინა გზა კიევისკენ. გოგა ძალიან განიცდიდა კრაკოვის რკინიგზის სადგურში ვიდეოკამერის ასე არიფულად დაკარგვას. ალალად ვცდილობდი მენუგეშებინა. გადავწყვიტეთ ჩიპი გვეყიდა და ჩემი ტელეფონით გადაგვეღო, ვიდრე სხვა კამერას ვიშოვიდით. მეორე სერიოზული პრობლემა აკრედიტაციის არქონა იყო. „პუბლიკამ“ ჯერ კიდევ 20 აპრილს გააგზავნა უკრაინაში გოგას და ჩემი მონაცემები აკრედიტაციისთვის, მაგრამ პასუხი არ ჩანდა და ჩვენც როგორც 90-იანი წლების ბედკრულ და ჯერ კიდევ ცოცხალ ბიჭებს შეეფერებოდა, ეგრე ავიღეთ და მოვხიეთ. კარგი ვიყოჩაღეთ თუ გაგვიმართლა და აქამდე ჩამოვაღწიეთ, მაგრამ თუ ლვოვში და კიევში ვიდეო და ფოტო გადაღებაზე სერიოზული საქმის გაკეთება გვინდოდა სასწრაფოდ რაიმე უნდა გვეღონა. გოგა მიდგა–მოდგა სად არ დარეკა, ლვოვში, საქართველოს საკონსულოსაც მივადექით. შეგვპირდნენ რომ მიგვიღებდნენ, მაგრამ ისე დაიგვიანეს, ჩვენც მოგვბეზრდა ლოდინი, ხელი ჩავიქნიეთ და ლვოვის ულამაზეს ქუჩაში უსაქმოდ ყიალს მოვყევით. ამ წანწალში იმ სასტუმროსთანაც მოვხვდით, რომელშიც ქართველი მწერლები 2017 წლის ბრნოს ლიტერატურული ფესტივალის მიმდინარეობისას დავბანაკდით – „ჰოტელ ჟორჟ“ რაღაც სხვანაირად გამიხარდა იმ მშვიდობიანი დღეების და ფესტივალის გახსენება, როდესაც ქალაქი ბლოკპოსტებით და ბარიკადებით არ იყო ჩახერგილი და ყოველ ნაბიჯზე შეიარაღებული პატრული არ გვხვდებოდა.
ლვოვი და გალიჩინა ყოველთვის განსხვავდებოდა დანარჩენი უკრაინისგან. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე 1918 წლამდე ავსტრო–უნგრეთის იმპერიაში შედიოდა, ავსტრო უნგრეთის დაშლის შემდეგ კი 1939 წლამდე, რებენტროპ–მოლოტოვის ცნობილ პაქტამდე პოლონეთის შემადგენლობაში იყო. აქედან გამომდინარე აქაურებისთვის რუსეთი, საბჭოთა კავშირი და ბოლშევიზმი პირდაპირ ასოცირდება ომთან უბედურებათან და სიბნელესთან. ლვოვი ყოველთვის ითვლებოდა უკრაინულ–ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობის მთავარ ციტადელად, სწორედ კარპატების და გალიჩინის ტყეებში იშვა შეიარაღებული პარტიზანული შენაერთები, სტეპან ბანდერას და შუხევიჩის რაზმები და „უნა–უნსო,“ რომლებიც გამუდმებით და ყველგან იბრძოდნენ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, მათ შორის კავკასიაშიც და კერძოდ საქართველოში – სოხუმში.
თუ 2014 წლამდე და განსაკუთრებით ამ ახალი საშინელი ომის დაწყებამდე, აღმოსავლეთ უკრაინის რუსულენოვან ქალაქებში კიდევ იყო რუსეთთან თანაარსებობის საერთო წარსულის ანუ პანსლავური ერთობისადმი რაიმე სენტიმენტები, ლვოვში და გალიჩინაში – “კაცაპი“, ანუ “მოსკალი“, მხოლოდ მოსისხლე მტერი და მათ გასანადგურებლად ჯოჯოხეთიდან ამოსული მუტანტების ორდა იყო. 1939 წლის სექტემბერში შემოსვლისთანავე საბჭოთა წითელმა არმიამ რა თქმა უნდა ადგილობრივი მოსახლეობის გასაბჭოება, „გაბედნიერება“ და “გათავისუფლება“ დაიწყო. მდიდარ მეურნე ხუტორებს ძალით ყრიდნენ კოლმეურნეობაში, დაერივნენ ინტელიგენციას, მწერლებს, ექიმებს, მეცნიერებს, ბანკირებს, ბიზნესმენებს. ამას მოჰყვა საშინელი, თუმცა საბჭთა კავშრისთვის ჩვეულებრივი რეპრესიები – დაპატიმრება, დახვრეტა თითქმის მასიური გადასახლება, მაგრამ ყველაზე მწარედ რაც დაამახსოვრდათ და რაც ყველაზე შოკისმომგვრელი იყო მათთვის: – „ჩვენი ბებიები გვიყვებოდნენ, რუსები რომ შემოვიდნენ მასიურად გაგვძარცვეს, თეთრეული და ნიფხავ–პერანგიც კი წაიღეს, მაგრამ დანიშნულება არ იცოდნენ, ჩვენი ღამის პერანგები თავის ბაბებს ჩააჯაჯეს, კაბები ეგონათ და ასე დაასეირნებდნენ ჩვენს ქალაქში და ჩვენ კი მათზე ჩვენს ღამის პერანგებს ვცნობდითო…“
საერთოდ რუსეთი საოცარი პრიმიტივიზმით ახერხებს მეზობლების გამწარებას, მათ სამკვდრო–სასიცოცხლოდ გადამტერებას და მაინცდამაინც არ მეთოდების მრავალფეროვნებით არც გამოირჩევიან და არც თავს არ იწუხებენ ამისთვის. რაღაცნაირი ბიდლოს შესაფერი შეუვალობით და მონოტონურობით, აქცევს, ნთქავს და აბინძურებს თავის გარშემო ყველაფერს. ამაზე სულ მათივე – რუსი ფილოსოფოსის ნიკოლაი ბერდაევის წინასწარმეტყველება, დასკვნა თუ დიაგნოზი მახსენდება: „რუსკაია ბაბია დუშა ჟივიოტ ნა ზლო დრუგიმ ი ვო ვრედ სებე…“ წარმომიდგენია რამხელა ტკივილს და სასოწარკვეთას უნდა ატარებდე, რომ საკუთარ სამშობლოზე ასეთი რამე თქვა. უარესებიც შეიძლება, მაგრამ ეს სულ სხვა, საშინელი დაუნდობლობით, სიბრაზითდა ვიმეორებ სასოწარკვეთით ნათქვამი ფრაზაა…
საღამოს გოგა და მე, მიხას და ულიანას შევხვდით ქალაქში, ქართულ რესტორან “არაგვში ვისადილეთ“. გოგა განუწყვეტლივ ცდილობდა თავის ძველ მებრძოლებს დაკავშირებოდა. მათი უმეტესობა ფრონტის ხაზზე იყო, თუმცა რამოდენიმე მათგანი მაინც დაიჭირა და შეხვედრაც დაუთქვა კიევში. თბილისიდან დოდო გუგეშაშვილი ცდილობდა კავშირზე გასვლას და ბოლოს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს ოლეგ ბილიის დაცვა დაგვაკავშირა, რომელსაც ჯერ კიდევ 2014 წლის უკრაინის ამბებიდან ე.წ. „ატოს“ (ანტიტერორისტიჩესკაია ოპერაციის დროიდან იცნობდნენ.)
ლვოვში ისევე როგროც მთელს უკრაინაში კომენდანტის საათი 11 საათზე იწყება, ამიტომ ჩვენი რესტორანიც 10-ის ნახევარზე დაიკეტა. სახლში ყველანი ერთად დავბრუნდით. ნახევრამთვარე, ყოველგვარი კომენდანტის საათის ნებართვის გარეშე დაჰნათოდა ლვოვის აღმა–დაღმა ქუჩებს და უცნაურ სიჩუმეს, რომელიც მხოლოდ ომს ახასიათებს. ძველი ტრამვაის ვაგონების ხრიგინი თუ არღვევდა ამ უცნაურ მდუმარებას. გოგამ გაიხსენა: – “სოხუმის ბოლო დღეებში, სწორედ ასეთი უცნაური სიჩუმე იდგა, თითქოს ჩიტებმა, რა უნდა იგრძნონ, მაგრამ ჩიტების ჭიკჭიკის ხმაც კი არ ისმოდაო…“ ლვოვი მადლობა ღმერთს, ფრონტისპირა ქალაქი კი არა საკმაოდ ღრმა ზურგია, მაგრამ ომს მართლა აქვს თავისი მისტიკა, ან ჩვენ ადამიანებს გვეჩვენება ყველაფერი გამძაფრებულად ასეთი ექსტრემალური ვითარებაში…
სახლში ყველა ერთად შევიკრიბეთ ვახშმად. ლვოველი მასპინძლები, თბილისელი სტუმრები და კიეველი და ოდესელი იძულებით გადაადგილებულები. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ალკოჰოლი მხოლოდ 4 საათამდე იყიდება, ომის გამო მაგრამ, ჩვენმა მასპინძლებმა მაინც ამოაძრეს შავი დღისთვის გადანახული რომი და ნაირნაირი ლვოვური “ნალივკები“ და აი ეგ აღარ უნდა ექნათ, იმიტომ რომ მე და გოგამ ნამდვილი ქართული ხალხური ამბები მოვაწყვეთ, თავისი თამადობით და სადღეგრძელოებით, მიხასი და ულიანა გადასარევად მღეროდნენ გალიჩინურ სიმღერებს, კიეველი ნიკიტაც მუსიკოს აღმოჩნდა და დატრიალდა გიტარა და ჩქარი ტაში ღამის სამ საათამდე…
ეს ყველაფერი კი იმით დამთავრდა რომ ჩვენს მასპინძლებს მთელი რომი დავულიეთ, ის ნალივკებიც ზედ მივაყოლეთ, ასე რომ ჩემო ბატონო, მეორე დღეს ჩვენი მასპინძლები ნაბახუსევზე, მთვრალი ფხოველებივით იხედებოდნენ ცარიელ ბოთლებში „ნარეცხ მაინც მომიტანეთ ნაარაყალ ჭურჭელისაო“ მე და გოგა კი დამორცხვებულები, მშვენივრად აყვავებულ ეზოში გაკიდებულ ჰამაკებში ისე ვქანაობდით ვითომც ჩვენ არაფერიო.
12 მაისი
ლვოვში გაზაფხული ცოტა უფრო გვიანი მოდის და შესაბამისად ხეებიც გვიან ყვავდება. ნატალია ტროხიმის სახლის ეზოც ისეთი აყვავებული იყო და ისეთი სურნელი იფრქვეოდა რომ გოგას წა მოსვლა აღარ უნდოდა: ნამდვილი ჩეხოვის „ვიშნიოვი სადია“ და ცოტა ხანს აქ ხომ არ დავრჩეთო. სამწუხაროდ გოგასგან განსხვავებით მე პოეტი არ გახლავართ და აყვავებული ან თუნდაც მსხმოიარე ხეხილი, დიდი–დიდი ხუთი წუთის შემდეგ მბეზრდება და ვეღარ ვტკბები მათით. მით უმეტეს ამ ომიანობის ჟამს „ვიშნიოვი სადის“ და „დამა ს საბაჩკოის“ დრო ნამდვილად არ გვქონდა, ამიტომ დაუყოვნებლივ ავიღეთ მატარებლის ბილეთი ლვოვი–კიევის ღამის რეისზე.
„დამა ს საბაჩკოიზე“ კი მე ანტონ ჩეხოვი კი არა ჩვენი ცხონებული რეზო ინანიშვილი მახსენდება ხოლმე და მისი უსაყვარლესი მინიატურა: -„აუჰ რა მშვენიერებაა: „გავარიატ ნა პაბერეჟნოი პოივილსა დამა ს სობაჩკოი“ . ღმერთო კიდევ მაღირსებ მოთხრობის დაწერას, როგორ უნდა დავიწყო?…“ აი, კიდევ ვინ იყო ნამდვილი პოეტი… ან ის ამბავი რად ღირს, ვინმეს მოთხრობა რომ მოეწონებოდა და გადაიწერდა ხოლმე კარგად წამახული საგანგებოდ გათლილი ფანქრით, საერთო რვეულში…. ეს რვეულში წერაც მისგან ვისწავლე, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ… მაგალითად ის რომ ისეთი პროზის დედა ვატირე, კრიტიკისაც, დრამატურგიისაც ჭიდაობისაც და საერთოდ ყველაფრისაც სადაც პოეზია არ არის! პოეზია უდავოდ იყო ნატალი ტროხიმის, მიხასას ულიანას და ბავშვების ფანტასტიურად აყვავებულ ბაღშიც და გოგასი არ იყოს მეც სიამოვნებოთ დავრჩებოდი აქ, მაგრამ წინ სხვა დიდი და არანაკლებ პოეტური ამბები გველოდა…. ბრძოლის და თავისუფლების პოეზია.
ჩვენი მატარებელი 11-ზე ზედ კომენდანტის საატის დაწყებისას გადიოდა და განრიგის მიხედვით დილის 08:09 ზე უნდა ვყოფილიყავით კიევში.
უკრაინაში ჩვენგან სრულიად განსხვავებულია, შორი–ახლოსა დროის და მასშტაბის შეგრძნება. ამაღამ ჩვენს მატარებელს ერთ ღამეში 700 კილომეტრი უნდა დაეფარა, შედარებისათვის თბილისიდან ბათუმამდე დაახლოებით 350 კილომეტრია, ხოლო საქართველოს ერთი ისტორიული რეგიონიდან ჰერეთიდან ქვეყნის მეორე ბოლოში, ასევე ისტორიულ პროვინცია სოჭში რომ ჩახვიდე, იმდენივე მანძილია და მგონი ცოტა მეტიც…
მიხასის და ულიანას კიეველმა სტუმრებმა და ჩვენმა ახალმა მეგობრებმაც გადაწყვიტეს, შინ კიევში დაბრუნება. ცოტა კი გვეშინია მაგრამ მაინც სახლში გვირჩევნიაო. ჩვენზე 2 საათით ადრე ჰქონდათ ბილეთები აღებული. ყველამ ერთად გავაცილეთ… გაცილების წინ გავიგე რომ კიეველი ნიკიტა და მისი მეუღლე, მიხასას და ულიანას სულ ორი კვირის წინ გაუცნიათ, ომის საშინელებებისგან გამოქცეულები და თავისთან შეუფარებიათ, ისევე როგორც ოდესელი ოლეგი და კიდევ რამდენიმე ადამიანი. არადა გუშინ სუფრასთან ისე ხმაშეწყობილები მღეროდნენ ოთხივე რომ ვერც წარმოვიდგინე, ომის დაწყებამდე ან სულაც სამიოდე კვირის წინ ერთმანეთი ნანახი რომ არ ჰყავდათ და ერთმანეთის არსებობის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. მართლა დიდი ხნის მეგობრები ან ნათესავები მეგონენ. დამშვიდოიბებისას ულიანამ იტირა და ბიჭებიც ისე ჩაეხუტნენ ერთმანეთს ისეთი ამბავი ატეხეს: – „მეთქი შვილო მე ეგეთ ამბებში ქართველები მეგონენ გიჟები და თურმე თქვენც მაგრამ აფრენთ მეთქი“…
2 საათში ჩვენი გამომშვიდობების დროც დადგა. ულიას ვაბრაზებდი “ჩვენც უნდა დაგვიტირო თუ მარტო უკრაინელებზე ტირიხარ მეთქი…“ ულიანა სასაცილოდ დამეჯღანა და ჩვენც მართლა დიდი სიყვარულით და მადლიერებით დავშორდით ერთმანეთს.
რკინიგზის სადგურზე მიხასას მეგიბარმა მიგვიყვანა.„ კომენდანტის საათს“ როგორ გააღწევ–მეთქი და ძაან ჩვენებურად თბილისურად მიპასუხა: – მივხედავ, ნუ ღელავო…
ვაგზალზე, მე– 3 პერონზე იდგა ლვოვი–კიევის მატარებელი. ზუსტად ისეთი, ძველებური, კუპეებით, ჩვენს ბავშვობაში ზღვაზე რომ დავდიოდით, ასევე ძველებური უნიფორმიანი გამცილებლით, კუპეში თეთრეულით და ჩაით… რაღაცნაირი, სხვანაირი დეჟა ვიუ დამიტრიალდა – გოგასაც გაახსენდა ასეთი მატარებლით დავდიოდი ბებიასთან გაგრაშიო… „ვაიფაი“ რომ ვიკითხე – „სჩას“… ისე ირონიულად მითხრა ჩვენმა ფუმფულა – უკრაინელმა გამცილებელმა, რომ ორივეს გემრიელი სიცილი აგვიტყდა ჩემს გულუბრყვილობაზე… „ეტა დაბავოჩნიე პოეზდა პარენ“… მითხრა სიცილით გამცილებელმა და იქვე დავძმაკაცდით… ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ გამახსენდა ზურიკელას თბილისში რომ უშვებენ სასწავლებლად და წვიმა რომ ასხამთ კუპეში „აგი დაბავოჩნი ვაგონი რავა ყველა ასეთი მორღვეულიაო…“ მაგრამ მაგის მოსაყოლად ჩემი დუნდრუცელა გამცილებლისთვის არც რუსული მეყოფოდა და მითუმეტეს არც უკრაინული…
ვაგონში ერთი ჯეელი დაგვხვდა კიევთან ცხოვრობდა, იმ გარეუბნების მახლობლად სადაც ირპენისა და ბუჩას ტრაგედია დატრიალდა.
“მე ნახევრად მოლდოველი ვარ ნახევრად სომეხი, მაგრამ ჩემი სამშობლო უკრაინაა, რუსებს კი უნდათ, ისეთივე მათხოვრული ცხოვრება გვქონდეს და ისეთივე და მონებულები ვიყოთ როგორებიც თვითონ არიან, მაგრამ არ გამოუვათ. ჩვენ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები ვართ და ამ ყველაფერს არაფრის გულისთვის არ დავთმობთო… ირპენი და ბუჩა კიევთან ძალიან ახლოს არის, კარგი სახლები იდგა და შედარებით უფრო იაფი იყო, ვიდრე კიევის ცენტრში ან დნეპრის პირას. ხალხმაც ვინც ფული მოაგროვა აქ დაიწყო სახლების ყიდვა, ან ვისაც ნაკვეთები ჰქონდა აშენება…. ეს ჩათლახები რომ შემოვიდნენ და მდიდრული სახლები დაინახეს, მდიდრული რა, მაგ მათხოვრებისთვის მდიდრული სულ გადაირივნენ, თან სულ შორეული აღმოსავლეთიდან ჰყავდათ ჯარი შემოყრილი, ვიღაც გაურკვეველი წარმოშობის ხალხი, ვერც გავიგეთ ვინ იყვნენ, რუსები, ბურატები, იაკუტები, მანჯურები, დღემდე ქალაქი და კანალიზაცია რომ არ უნახავთ და ღამის ქოთნებით დადიან და გაგიჟდნენ, გაცოფდნენ შურისგან და ჯავრი უბრალო ხალხზე იყარეს… ისეთი საშინელებები ჩაატარეს გერმანელი ნაცისტები არ მოაწერდნენ ხელს, მასობრივი მკვლელობები, გაუპატიურებები, წამება, ერთად, საერთო სამარხებში ჩაყრილი ხალხი. ვინც ცოცხლად გადარჩა ისეთ მდგომარეობაში არიან ამ ყველაფრის შემდეგ, ჩვენი ფსიქოლოგები რომ არ გვყოფნის, უცხოეთიდან ჩამოდიან რაიმე უშველონ, უმკურნალონ და გონს მოიყვანონ… ერთ სახლზე ასეთი წარწერა დატოვეს:
– А кто вам позволил так хорошо жить?..
ყველგან ერთი და იგივე ხელწერა, გაუგონარი და უაზრო სისასტიკე, შური, ბოღმა, სილაჩრე… სხვისი საუკუნეებით ნალოლიავები, ნაშენები და ნაამაგარი ეკლესია–მონასტრები, სახლ–კარი განადგურებული საფლავები, გზად დატოვებული ნანგრევები სისხლი და ყველაფრის გაჩანაგება – სოხუმში და გაგრაში, ირპენსა და ბუჩაში, სამშკსა და გუდერმესში, პრაღასა და ბუდაპეშტში, თბილისში და ვილნიუსში და პირუტყვად ქცეული გატყიურებული საკუთარი ხალხი რომელსაც რაღაც არ არსებული მიტოლოგიური იმპერიის ილუზიითა და იაფფასიანი ტექნიკური სპირტით დაყენებული არყით ერთნაირად ათაყვანებენ.
ირპენი და ბუჩა კიევის დასავლეთი გარეუბნებია, მათი დაკავებით კიევის ალყაში მოქცევას ცდილობდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ… ხელისუფლებამ ჭკუა იხმარა და ხალხს იარაღი დაურიგა. შეიქმნა ე.წ. „ტერაბრონის“ (ტერიტორიული დაცვის ბრიგადები) კიევის ერთერთ უბანშ, ობალონში სადაც რუსულმა დესანტმა შემოაღწია (ობოლონი ცნობილი “პივოვარების“ უბანი სადაც ლუდი „აბალონი“ ისხმება) პირდაპირ დაურიგეს მოსახლეობას, იარაღის და “პივოვარები“ ეძახე შენ და ადგილობრივმა მოსახლეობამ, უბნის ბიჭებმა უკრაინის რეგურალური არმიის მოსვლამდე გაანადგურეს და დაიფრინეს „უძლეველი დერჟავის“ ცნობილი „ელიტარური ნაწილები!“
ამ ომიდან ჩვენ ძალიან სერიოზული დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, მით უმეტეს რომ სასწავლებლად და სამაგალითოდ არც ჩვენი ომები გვაკლია. ის რომ 90-იანი წლებიდან ყველა ომში დავმარცხდით, სწორედ რომ არ გვაძლევს სასოწარკვეთისა და ხელების ჩამოშვების უფლებას –უფრო პირიქით!…
არავინ ისეთი დაუცველი არ არის, როგორც ზვარაკი რომელიც წკეპლის შიშით, საყასბოში მიყვება თავის ჯალათს სადაც ის ნამდვილად განწირულია, მაგრამ თუ შემობრუნდება, კი, შეიძლება დაიღუპოს , მაგრამ შეიძლება რქებზეც წამოაგოს თავისი სისხლისმსმელი…
ამიტომ ამ ბოლო დროს სულ მეშინია, ამდენმა მარცხმა და სისხლისღვრამ, ამდენმა უთანასწორო ჭიდილმა რუსულ მონსტრთან, არ დაგვავიწყოს რომ ჩვენ ქართველები არავისი ზვარაკები არ ვართ, მითუმეტეს ამ ვანკა რუსების ან ვიღაც, დროებით მოსული ბარიგების და მევახშეების, არამედ ჩვენ თავად ვართ მტაცებლები და არც ეშვები გაგვცვეთია ჯერ ბოლომდე…
სწორედ ამას ადასტურებს ის 2000 ქართველი ბიჭი რომელიც დღეს აქ საქართველოს და უკრაინის საერთო მტერს, რუსეთის იმპერია ებრძვის, რომელიც ამასობაში უკვე აშკარად გადაიქცა მსოფლიო საფრთხედა და მტრად.