სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0,2% შეადგინა, წლიური ინფლაციის დონემ კი – 12,8%.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5,8% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6,6 პროცენტით განისაზღვრა.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2022 წლის ივნისის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში:
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.86 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (35.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (33.4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (31.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (24.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (19.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (18.0 პროცენტი), თევზეული (17.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (14.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.3 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.4 პროცენტით, რაც 2.34 პროცენტული პუნქტით
აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (23.6 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.1 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (6.2 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.0 პროცენტიანი მატება, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (26.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.7 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (6.0 პროცენტი).