საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს პოლიტიკოსებს, შეწყვიტონ ჟურნალისტებზე თავდასხმა და ძალადობისა და აგრესიის წახალისება.
„2022 წლის 7 ივლისს, „ქართული ოცნების” ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვაზე პასუხის ნაცვლად, „მთავარ არხს“ და მის ჟურნალისტს, თენგო გოგოტიშვილს რუსული სპეცსამსახურების პროპაგანდის გავრცელებაში დასდო ბრალი. მან თენგო გოგოტიშვილი „ომში ჩართვისკენ“ მოწოდებებში დაადანაშაულა და იქვე დასძინა, რომ მსგავსი „პროპაგანდის გავრცელებით“ სხვებიც გამოირჩევიან და პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველთან ერთად, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, ვახო სანაიაც დაასახელა.
გუშინვე საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „დღის თემის“ სტუმარი, ოპოზიციური პარტიის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აგრესიულად ესაუბრა წამყვანს, თამთა სანიკიძეს და შეკითხვის დასმის საშუალებას არ აძლევდა. გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტს, არა მხოლოდ მისთვის, არამედ წინა სტუმრისთვის დასმული შეკითხვებიც დაუწუნა: „მე მგონი, ამ კითხვით მარტო მე კი არ დამცინით, თქვენს თავსაც დასცინით და საზოგადოებასაც“. ამასთან, სანიკიძის კითხვებს მან „აუტანელი“ უწოდა და რამდენჯერმე გაუმეორა ჟურნალისტს, რომ ის წარმოადგენს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც კერძო ტელევიზიისგან განსხვავებით, არ შეუძლია ჰქონდეს ისეთი სარედაქციო პოლიტიკა, როგორსაც თავად გადაწყვეტს: „თქვენ არ ხართ კომერციული ტელევიზია, რომ სარედაქციო პოლიტიკა ისე მართოთ, როგორც გინდათ“.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ორივე შემთხვევა – სახელისუფლებო და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე ამგვარი თავდასხმა შემაშფოთებელია, მით უმეტეს, ჟურნალისტების მიმართ უკვე გამოვლენილი ძალადობის ფაქტების ფონზე.
შევახსენებთ პოლიტიკოსებს, რომ ჟურნალისტების დანიშნულება სწორედ მწვავე და კრიტიკული კითხვების დასმაა და არ აქვს მნიშვნელობა, მათ მოსწონთ თუ არა ეს შეკითხვები. მედიის როლი საზოგადოების ინფორმირებაა – პოლიტიკოსებმა პატივი უნდა სცენ საზოგადოების უფლებას, მიიღოს ინფორმაცია და უპასუხონ დასმულ კითხვებს. პარლამენტის წევრებს ასევე შევახსენებთ, რომ ინფორმაციის საზოგადოებისთვის და მედიისთვის მიწოდება მათი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, არა ნება, არამედ, პირდაპირი მოვალეობაა.
აქვე დავძენთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან დაფინანსება სწორედაც რომ მისი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გარანტი უნდა იყოს და მაუწყებელს არათუ შეუძლია, არამედ ვალდებულია, ჰქონდეს კიდეც სრულიად დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა. საზოგადოებას ყოველთვის აქვს უფლება, მაუწყებელს მისი ყველა ჯგუფის ინტერესების დაკმაყოფილება მოსთხოვოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის უფლება აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ან ცალკეულ პოლიტიკოსებს, განურჩევლად იმისა, ისინი მიეკუთვნებიან მმართველ ძალას თუ ოპოზიციას.
პოლიტიკოსების, მით უფრო, დეპუტატების მხრიდან მედიაზე თავდასხმა აღიქმება ზეწოლად, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად და ხელს უწყობს ძალადობასა და აგრესიას ჟურნალისტების მიმართ. ქარტია მოუწოდებს მათ, პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას და აგრესიული რიტორიკით ნუ ახალისებენ მედიაზე თავდასხმას“, – წერია განცხადებაში.