„საირმიდან“ პირადი განცხადების საფუძველზე ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ ბათილად ცნო და კომპანიას დასაქმებულის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის გადახდა დააკისრა, – ინფორმაციას ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.
„გ.ა დასაქმებული იყო „აღმასრულებელი შეფის“ პოზიციაზე. კომპანიამ 2021 წლის 24 დეკემბრს გ. ა-ს (და სხვა დასაქმებულებს) განუცხადა, რომ არ გადაუხდიდა მას კუთვნილ 2021 წლის დეკემბრის თვის ხელფასს, ასევე გაუფუჭებდა შრომით ისტორიას, თუ ის არ მოაწერდა ხელს სამსახურიდან წასვლის თაობაზე კომპანიის მიერვე შემუშავებულ განცხადებას.
საქმეზე დადგინდა, რომ გ. ა-ის ნება არ იყო ნაკარნახევი თავისუფალი გამოვლენის შედეგად, იგი იყო პროვოცირებული /განპირობებული არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებით.
სასამართლომ განმარტა, რომ ნების გამოხატვის ნამდვილობის დადგენა ემსახურება ნების გამოხატვის თავისუფლების პრინციპის რეალიზაციას, რაც გულისხმობს, რომ კონკრეტული ქმედება, არჩევანი, გადაწყვეტილება უნდა წარმოადგენდეს პირის ნამდვილ ნებას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება”, – ნათქვამია განცხადებაში.