თბილისში უფასო სასადილოში ბენეფიციარისთვის 1 და 30 თეთრია გამოყოფილი - ომბუდსმენის მონიტორინგი

პუბლიკა

სახალხო დამცველის აპარატმა 2022 წლის თებერვალსა და მარტში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საქართველოს 25 მუნიციპალიტეტში მოქმედი 59 უფასო სასადილოს მონიტორინგი განახორციელა.

სახალხო დამცველის შეფასებით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა როგორც საკვების მიწოდების სერვისის, ასევე, სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით პასუხობს მინიმალურ მოთხოვნებს, თუმცა, ერთიანი სურათი არადამაკმაყოფილებელია.

კერძოდ, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ:

  • ქვეყანაში არ არსებობს უფასო სასადილოს სერვისის მართვის და მიწოდების ერთიანი სტანდარტი, შესაბამისად მთელი ქვეყნის მასშტაბით სტანდარტულად არ არის დადგენილი გასაცემი საკვების ოდენობა და კალორაჟი, ფიზიკური გარემოს მოწყობის, უსაფრთხოების დაცვისა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის კუთხით სავალდებულო მოთხოვნები.

  • სერვისის განხორციელებისას გათვალისწინებული არ არის ბენეფიციართა კვებითი საჭიროებები და რაციონი, ძირითადად, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ოდენობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მენიუში გათვალისწინებული არ არის სადილის ენერგეტიკული ღირებულება, ბენეფიციართა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური მრწამსი.

  • საკვები მენიუს შედგენაში არ არიან ჩართული შესაბამისი სპეციალისტები. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კვების მენიუს ადგენს ბუღალტერი და არა შესაბამისი დარგის სპეციალისტი.

  • უმრავლეს შემთხვევაში, მენიუ მთელი წლის განმავლობაში არ იცვლება.

  • საგულისხმოა შემთხვევები, განსაკუთრებით თბილისში, როცა ბენეფიციარები სასადილოებიდან იღებენ მხოლოდ პურს. კერძოდ, თბილისის სასადილოებში კონკრეტულ დღეებში, როდესაც მენიუში მხოლოდ წვნიანებია (ბარდის წვნიანი, ლობიოს წვნიანი, ვეგეტარიანული ბორში) ბენეფიციარებს სასადილოდან გააქვთ მხოლოდ პური. ეს შეიძლება აიხსნას, როგორც ბენეფიციართა მიერ საკვების გემოვნური თვისებების დაწუნებით, ასევე, კალორაჟის სიმცირით. მენიუში კვირის განმავლობაში მხოლოდ ორი დღეა გათვალისწინებული ნოყიერი კერძი ხორცით, შესაბამისად ბენეფიციარების მოთხოვნა ამ დღეებში უფრო იზრდება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ სასადილოში აკრძალულია მხოლოდ პურის გატანა.

  • სასადილოებზე გამოყოფილი თანხის ოდენობის სიმცირე განსაკუთრებით თვალშისაცემია თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, სადაც თითო ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხა ერთ ლარსა და 30 თეთრს შეადგენს, რაც ნაკლებია რეგიონებში ერთ ბენეფიციარზე გათვლილ დღიურ ოდენობაზე (მაგალითად, ბორჯომში – 2.47 ლარია, ქუთაისში – 2.50 ლარი, ახალციხეში – 2.05 ლარი, სამტრედიაში – 2.20 ლარი, თელავში -2.65). 

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,  იდენტიფიცირებული გამოწვევები ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს უფასო სასადილოებით მომსახურების მინიმალური სტანდარტების შემუშავება და დამტკიცება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება სერვისის მართვასთან, მენიუს კალორაჟთან, კვების ხარისხთან, უსაფრთხოებასთან, სანიტარულ-ჰიგიენურ მოთხოვნებთან, კვების ბლოკების კეთილმოწყობა-აღჭურვასთან, ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებული და სხვა რელევანტური საკითხები.