10 ივნისი
დილით გამთენიისას სოფო წულაის ველაპარაკე, ფანტასტიურ პოეტს და ძალიან კარგ ლიტერატორს, რომელმაც ზუსტად 10 წლის წინ – 2012 წელს, ძალიან საკაიფოდ გამაკრიტიკა და მას შემდეგ მაგრად ვძმაკაცობთ. მისი სტატუსი დამხვდა!.. სიმართლე რომ გითხრათ, არ მიყვარს ეს მისი სტატუსები, ძალიან გამოფენს ხოლმე ყველაფერს, მაგრამ კაი ჯიუტი სოხუმელი გოგოა და ვერაფერი შევასმინე. თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან ატკინეს გული – თხოვნით მიუმართავს ასევე ჩემთვის კარგად ნაცნობ ლიტერატორების ჯგუფისთვის და უარით გამოუსტუმრებიათ. ძალიან გულმოკლული იყო და მეც ძალიან მეწყინა… ლამის ნაციონალურ მენტალიტეტად ჩამოგვიყალიბდა ეს თვისება – რომ, თუ ვინმე, მართლა ნიჭიერი, საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოგვიჩნდა, აუცილებლად უნდა გავინაპიროთ, დავჩაგროთ და გული დავწყვიტოთ… აი სწორედ ეგ არის ჩემი აზრით ე.წ. „გრუზინობა“ და არა ის, ბიჭები თუ ჩვენი უბნის კუთხეში შავი პერანგებით ვდგავართ და ხელების ქნევით ვლაპარაკობთ…
დღეს სრული ერთი თვე გახდა, რაც უკრაინაში ვართ. ამაღამ გზას უნდა დავადგეთ, უკან შინისაკენ. ალბათ დიდად ორიგინალური ვერ ვიქნები, თუ მოგახსენებთ, რომ დროს თავისი მისტიკა აქვს და ეს მხოლოდ წლების, საუკუნეების და რიცხვების პასეანსი არ გახლავთ… არც ის, რატომ უნდა გაჩნდე პირადად შენ, მაინცდამინც 1974 წლის 6 ოქტომბერს და არა ვთქვათ, 1944 წლის 20 ივლისს, ან 2005 წლის 29 დეკემბერს. როგორ ხდება ეს, ვინ მართავს ამ დაუსრულებელ და ერთდროულად რეალურ და ირეალურ „შემთხვევით“ დროის მანქანა?.. ჩემი „თვალდაკარგული ყივჩაღის,“ მღვდელი მამა ათანასესი არ იყოს: – „შემთხვევით რამდენჯერმე უნდა შეყარო ოთახში ფიცრები, რომ ერთხელ, ერთი უმარტივესი ტაბლა სკამი აეწყოს თავისით?.. აი, ასე თავისით, ბუნებრივ აფეთქების შედეგად, სპონტანურად, ევოლუციის გზით?.. მილიონჯერ?.. მილიარდჯერ?.. ტრილიონჯერ?..
მაინც ბევრია ერთი თვე ომში თუ ცოტა?.. ამ მასშტაბის ომისათვის, როდესაც ამხელა ქვეყანა, მთლიანად ერთ ფრონტის ხაზად არის ქცეული ცოტაა, თითქმის ყოველდღიურ სასიკვდილო საფრთხეს, ამდენი მანძილის, ქალაქების და ყველანაირი ბლოკ–პოსტების გადალახვას თუ გავითვალისწინებთ, ძალიან ბევრი. თანაც ასე უაკრედიტაციოდ, ფაქტიურად დოკუმენტაციის გარეშე და უფულოდ, ერთმანეთის, საკუთარი ყისმათის და მეგობრების ანაბარა დარჩენილები… ომი თუ ვინმეს არ ესწავლებოდა ეს ნაპოლეონ ბონაპარტე იყო. ტარლეს მიხედვით, ერთხელ, როდესაც ნაპოლეონ ბონაპარტეს ჰკითხეს ომში გამარჯვებისთვის რა და რა არის საჭიროო… ნაპოლეონმა სუფთა ფრანგული მახვილგონივრულობით და პრაქტიკულობით უპასუხა: – „ომს სამი რამ სჭირდება: – „პირველი ფული, მეორე ფული, მესამეც ფულიო…“
რა მოვახერხეთ, რა ვნახეთ და რა გავაკეთეთ, ამ ერთი თვის განმავლობაში და რა დასკვნები შეიძლება გავაკეთოთ 10 მაისიდან 10 ივნისამდე განვლილ დროს და დღეებს თუ შევაჯამებთ?..
პირველ რიგში ჩამოვედით და შემოვაღწიეთ ამ ომით მოცულ ქვეყანაში, სადაც როგორც რამდენჯერმე უკვე მოგახსენეთ, ძალიან სკურპიოზულად, მაკაცრად, ევროპული სერიოზულობით და პედანტურობით იცავენ უსაფრთხოების ნორმებს. ყველა ქალაქში –ლვოვშიც, კიევშიც, დნეპრშიც და ზაპოროჟიეშიც, ყოველ ნაბიჯზე საგულდაგულოდ გამაგრებულ ბლოკ–პოსტები დგას და 24 საათის განმავლობაში მოძრაობს კბილებამდე შეიარაღებული პატრული… ამის მიუხედავად ლვოვიდან ზაპოროჟიემდე, თითქმის მთელი უკრაინა გადავჭერით, დასავლეთ უკრაინიდან, სამხრეთ–აღმოსავლეთის მიმართულებით თითქმის 1500 კილომეტრი გავიარეთ და მერე იგივე მანძილი უკან გამოვიარეთ ანუ თითქმის 3000 კილომეტრი… აქედან მხოლოდ ზაპოროჟიეში ვიყავით 1 დღით, დნეპრში, კიევში და ლვოვში კი ფაქტიურად ვიცხოვრეთ, შევხვდით და ვესაუბრეთ უამრავ ადამიანს, ლტოლვილებს, ჭირისუფლებს, ახალგაზრდებს, ხანშიშესულებს, ლვოველებს რომლებიც ფაქტიურად ვერ, ან არ საუბრობენ რუსულად, კიეველებს, ზაპოროჟიელებს და დნეპრის მცხოვრებლებს, რომლებმაც მხოლოდ ახლა, ამ ომის დაწყების შემდეგ დაიწყეს უკრაინულის შესწავლა, რუსული ოკუპაციისადმი პროტესტის ნიშნად და თავის „ერთმორწმუნე“ და ერთ ენაზე მოსაუბრე „თანამოძმეების“ ჯინაზე… შევხვდით უკრაინელ პოეტებს, მწერლებს, მუსიკოსებს, შევხვდით „აიდარის“ და „აზოვის“ მებრძოლებს და ქართველ და უკრაინელ მეომრებს, რომელთაგან რამდენიმე ჩვენი აქ ყოფნის განმავლობაში დაიღუპა და დაიჭრა… ვიყავით ირპენში და ჩვენი თვალით ვნახეთ ყველა ის უბედურება, რასაც აქ წამოვლამდე ტელევიზორში ვუყურებდით (მე პირადად ვერც ვუყურებდი) და რომელიც, მხოლოდ 10 პროცენტით ასახავდა, ყველა იმ კოშმარს და უბედურებას რაც მოსკოვის მანიაკალურმა რეჟიმმა უკრაინელ ხალხს დაატეხა… ვეცადეთ რომ მაქსიმალურად, პატიოსნად და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, გადმოგვეცა ყველაფერი, რაც ჩვენი თვალით ვნახეთ და თუ მომავალში, როდესაც უკრაინის ომის ამ დიადი და სისხლიანი ეპოპეის აღწერისას, ვინმეს ჩვენი ერთთვიანი მემუარები, დღიურები და მოგონებები გამოადგება, ჩავთვლით რომ ტყუილად არ გვიბორიალია უკრაინის ცეცხლიან გზებზე… ორჯერ დაგვაკავეს, რამდენჯერმე დაგვბომბეს, საკმაოდ ახლო და მჭიდრო ცეცხლიც იყო, მაგრამ მაინცდამაინც თავი არ მოგვჭრია და სახე არ დაგვიკარგავს… შეძლებისდაგვარად არც მასპინძლები შეგვიწუხებია, ჩვენი მეგობრების და გულშემატკივრების წყალობით ასე თუ ისე გაგვქონდა თავი… ისე ჩავედით და ჩამოვედით დიდად არავის არ მივდგომივართ, საელჩო იყო, იქაური ქართული ემიგრაცია თუ საზოგადოება, რომ აი და გვიშველეთ და ვერა და დაგვეხმარეთ!.. დაგვიჭირეს, გამოგვიშვეს, თუ როგორც იყო, ჩვენი ბედით და მარიფათით ვიარეთ აქამდე, თუმცა ისედაც, ჩვენი გამომსარჩლებელი დიდად არც არავინ არ იყო, ჩვენ ხომ მხოლოდ საკუთარ თავებს წარმოვადგენდით და ღვთის წინაშე არც დაგვჭირვებია…
წამოსვლამდე, როდესაც უკრაინაში წასვლის გზებს და სახსრებს ვეძებდით, გოგას უახლოესმა ბავშვობის მეგობარმა და ძალიან ცნობილმა პოლიტიკურმა ექსპერტმა, რომელიც მთელი ცხოვრება ტელევიზიაში ზის და მართლა ყველაფრის მომსწრე და მონაწილეა რაც კი უკანასკნელი 30 წლის განმვალობაში საქართველოში მომხდარა, უამრავი რამე უნახავს საკუთარი თვალით და ყველა მთავრობა გამოიცვალა და მოინელა, უკრაინის ამბებს რომ ვალაგებდით, ძალიან საქმიანად, ყოველგვარი მიდებ–მოდების გარეშე მკითხა: – „ბექა „ქოცებთან“ როგორა ხარო?..“ „წავიდნენ მაგათი, უსაქმური და მუქთახორა სუყველაფერიც – მეთქი…“ “და „ნაცებთანო?.. “ – იგივე გავუმეორე, იმიტომ რომ მართლა ეგრე ვფიქრობ და „აბა ძმაო შენ არც ფული გდომებია და არც საქმის გაკეთებაო…“ ანუ იმისთვისაც კი, რომ ომში წახვიდე, სიკვდილს თვალებში ჩახედო და „ისკანდერებს“ „გრადებს“ და „სმერჩებს“ თავი შეუშვირო, ან ერთ ახვრებს და ჩათლახებს უნდა იყო მიკედლებული, ან მეორე ახვრებს და ჩათლახებს…
აი დაახუილონ!.. მე ქურხული ვარ და ჩემს ზემოთ მხოლოდ ღმერთია!.. ისიც თუ კაი ხასიათზე ვარ…
რა ვერ მოვახერხეთ და გაცილებით მეტი, ვიდრე მოვახერხეთ: – პირველ რიგში ვერ მოვახერხეთ ჩვენი თანამემამულეებივით და უკრაინელი მებრძოლებივით დავღუპულიყავით – ღმერთმა სული გაუნათლოთ!.. ვერ მოვახერხეთ აღმოსავლეთით, ხარკოვის და დონეცკის მიმართულებით გასვლა, თუმცა ღმერთიც და ჩვენი ბიჭებიც (დათო აბულიძე-„თუში“ და ჯაბა ხოფერია) დაგვემოწმებიან რომ არც ცდა, არც მონდომება არ დაგვიკლია და ალალად არც ერთი წამით უკან არ დაგვიხევია…რაც არ უნდა თავი ვიმართლოთ, რომ ერთი თვე ძალიან ცოტა დროა, იმისთვის რომ ამხელა ქვეყანაში ყველა მხარეს მოგვესწრო გასვლა, ეს მაინც თავის მართლება იყო და ჩვენ მაინც გულს გვაკლდა, განსაკუტრებით გოგას… ვერ მოვახერხეთ უკეთესი და უფრო მრავალფეროვანი კადრების გადაღება, თუმცა შეგვეძლო!.. ჯერ იყო და კამერა აგვწაპნეს კრაკოვშივე და მერე , ნუ როგორც იყო ისე იყო რა… ვერ მოვახერხეთ ძალიან ბევრ უკრაინელ მეთაურთან დაკავშირება, რომელთაც გოგა 2014 წლიდან იცნობდა („ტოპოლია“, ოლეგ ბილიი, „კუმი“ მოკლეს ამასობაში ცხონებული) და პრინციპში ვის იმედზეც წამოვედით თბილისიდან. ალბათ არ ეცალათ, ან ჩვენი თავი არ უნდა ჰქონოდათ და არც ეგ იყო საწყენი, ომში კი არა მშვიდობიანობის დროს აღარა აქვს ხალხს ერთმანეთს თავი… ვერ მოვახერხეთ დნეპრში ვადიმ გეფტერის მიერ მეტრო „ვაგზალნაიაში“ მოწყობილ გრანდიოზულ კონცერტზე სიმღერა (ვხუმრობ რა თქმა უნდა ჩემს სიმღერას მტერმა უსმინა, თუმცა რაღა ვხუმრობ გოგა კი მღერის მშვენივრად, მაგრამ დაგვრჩა ისე…) მოკლედ როგორც გამოგვივიდა ისე გამოგვივიდა, როგორც იყო ისე იყო!.. ერთერთი რაც ვისწავლე ამ ცხელ წერტილებში წოწიალით 1999 წლის ოქტომბრიდან დღემდე, ის არის, რომ კი უნდა დაგეგმო და დაალაგო ყველაფერი, მაგრამ მერე ომის ღმერთი და მისი აღმატებულება – შემთხვევითობა, კიდევ აუცილებლად შეიტანს თავის კორექტივებს და კარგად მიდგავ–მოდგავს ამ შენს დაგეგმილებს და თუ მთლად უკუღმა არ დაგიდგა ყველაფერი, კიდევ მადლობელიც უნდა დარჩე და პირჯვარიც გადაიწერო…
ღამის 10 საათზე გამოვემშვიდობეთ, მიხას და ულიანას, ემელიას და მელანიას… მადლობა ის სიტყვა არ არის რაც ამ ფანტასტიურ ოჯახს ჩემგან ეკუთვნის, ნატალია ტროხიმიდან დაწყებული, რომელიც უკვე საქართველოში გველოდება და აუცილებლად ვინახულებთ…
მიხასმა ბოლომდე გვიპატრონა, მანქანით ჩაგვიყვანა ვაგზლამდე და სასწრაფოდ უკან გაბრუნდა რომ კომენდანტის საათისთვის შეესწრო სახლში…
ავტობუსი თორმეტის ნახევარზე უნდა მოსულიყო განრიგის მიხედვით, ჩვენ მეორე დღეს 5 საათზე მივფრინავდით კრაკოვიდან ქუთაისამდე. ყველაფერი გათვალისწინებული გვქონდა, მიუხედავად იმისა რომ ლვოვიდან კრაკოვამდე თითქმის 800 კილომეტრი იყო, თავის საზღვარზე შეფერხებიან, ყველაფრიანად, მაინც თავისუფლად უნდა ჩაგვესწრო ჩვენი თვითმფრინავისთვის… 11 ივნისი
ავტობუსი ღამის 2 საათამდე არ მოვიდა. კაი არეული კანტორა იყო… რამდენჯერმე გვითხრეს, რომ აი ახლა გადის თქვენი ავტობუსიო, გავვარდებოდით ბაქანზე და აღმოჩნდებოდა რომ სხვა ავტობუსი იყო და სხვაგან მიდიოდა… როდესაც მიხასს ვთხოვეთ რომ ავტობუსი შეეკვეთა, თავიდანვე დაეჭვებით იქნევდა თავს: -„რაღაც არ მომწონან, საეჭვო ორგანიზაცია ჩანს, მაგრამ სამწუხაროდ სხვა არაფერი გადის ლვოვიდან კრაკივამდეო…“ თუმც ასეთ ბარდაგს და ორსაათნახევრით დაგვიანებას მაინც არ ველოდით. არ ვიცი ომის ბრალი იყო, თუ „არასაიმედო სატრანსპორტო ორგანიზაციის,“ მაგრამ გვარიანად კი დაგვაწყდა ნერვები და როდესაც ჩვენი ავტობუსი ჩამოდგა, არც დაგვიმალავს უკმაყოფილება და კაი რუსულ–ქართული „მატიც“ გავახურეთ იმის გამო, რომ ამ გაგანია კომენდანტის საათის დროს, ამდენი ხანი ქუჩაში დაგვტოვეს. მიხასთანაც კი ვეღარ ავბრუნდებოდით დილამდე, თანაც თუ რამე არ გვინდოდა უკან აბრუნება იყო, იმის წარმოდგენაც კი გვზარავდა, რომ ისევ ნატალი ტროხიმის ოჯახი შეგვეწუხებინა, რომლებმაც, როგორც კი ჩვენ „მოგვიშორეს თავიდან,“ იმ დღესვე ახლა ხარკოველი ლტოლვილები მიიღეს… საერთოდ ეს ახალგაზრდა ოჯახი, თავისი პატარა ბავშვებით, იმდენ ადამიანებს იფარებდა და პატრონობდა, რომ მთელი წითელი ჯვარი ვერ მოახერხებდა…
მოკლედ ახლა ავტობუსში აღარ გვიშვებდნენ, რამდენს ბუინობთო… მივხვდი ცუდად იყო საქმე, გაგანია კომენდანტის საათი იყო, იქვე მოძრაობდა შეიარაღებული პატრული, გამოიძახებდნენ, გადაგვაბარებდნენ და მეყოლე ვარდივით!.. ბოლობოლო, ეს პატრულიც რამდენს მოგვითმენდა და რამდენჯერ გაგვიმართლებდა… ჩამოვედით და კომენდანტის საათი იყო დაწყებული და ვოლონტიორებთან თუ ვიღაცეებთან ვიჩხუბეთ, მივდივართ და ისევ შარში ვართ და როდემდე, ამ გაგანია ომში და სისხლისღვრაში, ქართული პასპორტები გვქონდეს კი არა, სულ რომ ბოგდან ხმელნიცკი და ტარას ბულბა ვყოფილიყავით!.. მოკლედ კაი გაწევ–გამოწევის შემდეგ აგვიშვეს ავტობუსში და გაგვაფრთხილეს გზაშიც თუ ბევრს გაახურებთ და მგზავრებს შეაწუხებთ ეგრევე, ულაპარაკოდ ჩამოგსვამთო… რომელი მგზავრების შემწუხებლები და ხულიგნები ჩვენ ვიყავით, მაგრამ ძალიან გავბრაზდით და მიუხედავად იმისა, რომ სამი კაი მოხეული ჯეელი იყო (ერთმანეთს ენაცვლებოდნენ შორეულ რეისზე) სუ ქართულად ვიმუქრებოდით, ერთი კრაკოვამდე ჩავიდეთ და იქ ადგილზე დაგახურავთ დედის ტრაკებსო…
თუმცა პირველივე გაჩერებაზე არ მომითმინა გულმა და ისევ მივადექი: „რა პონტში უნდა შემეწუხებინა მგზავრები, რა მიგავს დებოშიორს, თქვენ დაგაგვიანდათ და ჩვენვე რომ არ გვიშვებდით ავტობუსში–მეთქი…“ „და ნე სპორიუ მი აპაზდალი, ნო ვი ოჩენ რუგალის, პოიმი, ესლი შტო პოპადიოტ ნი ტებე, ა ნამ, პოტერიაემ რაბოტუ ი კუსოკ ხლებაო…“ „კაი ჩავიდეთ ერთი კრაკოვში და იქ დავილაპარაკოთ–მეთქი“ – ვერ ვისვენებდი მე, მარა გოგამ თავისებური გურული ღიმილით მითხრა: – „კაი გაჩერდი, ჯერ ჩავაღწიოთ კრაკოვამდე და ერთი სიგარეტი მოიტაო..“ ვიდექით შუაღამის 4 საათზე, დასავლეთ უკრაინის საზღვართან არ მისული, სამი საერთაშორისო ავტობუსის „რეისავიკი“ უკრაინელი, ორიც მაწანწალა ქართველი, ერთმანეთს ცერად ვუყურებდით და თან ერთად ვეწეოდით…
უკვე პოლონეთის საზღვართან გაგვეღვიძა, უკრაინელი სამხედროები პასპორტებს გვიმოწმებდნენ, ამჯერად ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაირა… შემდეგ ასევე მშვიდობიანად გავიარეთ უკრაინის საბაჟოზე საპასპორტო კონტროლი და ნეიტრალურ ზონაზე გავედით. უკვე ინათა. სადღაც დილის 6 საათი იყო… და აქ ისევ გავიჭედეთ. ვიდექით გაუნძრევლად ოცი წუთი, ნახევარი საათი, ერთი საათი… ჩვენი მძღოლების სამეული, ხან სათითაოდ, ხან ორნი, ერთხელ სამივე ერთად, ჩადიოდნენ და ამოდიოდნენ ავტობუსში, თანდათან სულ უფროდაუფრო ნერვიულად მოძრაობდნენ. ნამძინარევი, ნამგზავრი და ნაწვალები მგზავრებიც, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც ქალები და ბავშვები იყვნენ ერთად აზუზუნდნენ… გავიდა კიდევ ნახევარი საათი, მერე ერთი საათი, ანუ უკვე ორი საათი ვიდექით გაუნძრევლად და წარმოდგენა არ გვქონდა რა ხდებოდა… ვეღარ მოვითმინე და ისევ ამ ჩვენ მტერ–მოყვარე მძღოლების სამეულთან მივედი: – „რა ხდება–მეთქი?..“ „ა ია პაჩიომ ზნაიუ?.. ნე ხოტიატ ინ ნე პუსკაიუტ… მითხრა ჩემზე არანაკლებ გაბეზრებულმა და გაბრაზებულმა მძღოლმა… „ნე იზვოლიატ ვედ პოლიაკი, ნამ ბედნიმ უკრაინცამ სდელაც აჩოტ შჩო უ ნიხ ტამ ნა კარდონე ნე ლადნოე…“ ასე უცებ იჩინა ძველმა ანგარიშებმა თავი ზაპოროჟიელ კაზაკებსა და რეჩ პოსპოლიტას შლიახტას შორის. ვიდექით კვლავ ასე, ვეწეოდით და ახლა პოლონელებს ვაგინებდით ერთად, რომ გაგვჩხირეს ამ კორდონებს შორის (კორდონი – საზღვარი, უკრაინულად და პოლონურად) და არც გვეუბნებოდნენ რა ხდებოდა და რას გვემართლებოდნენ…
ეგ არაფერი, უკრაინისა და პოლონეთის „კორდონებს“ შორის უარეს ადგილებშიც გავჭედილვარ, მაგალითად ჰელმანდში, ბაზა „ერდევში“ ხუთშაბათი წვიმიან დღეს როდესაც თალიბებმა ალყა შემოგვარტყეს, 12 მილიმეტრიანი ნაღმსატყორცნებიც მოგვიშვეს და ბრიტანული „სი აი ესის“ ვერტმფრენებმა ძლივს გამოგვიყვანეს დღის ბოლოს, ან ინგუშეთსა და ოსეთს შორის – „ჩერმენში“ ბლოკ–პოსტზე რუსულმა ფეესბემ და ოსურმა ომონმა რომ ამიყვანა… ერთადერთი იმაზე ვღელავდი, კრაკოვში თვითმფრინავისთვის რომ ვერ ჩაგვესწრო, მერე სწორედ ის მოგვიწევდა, რასაც აქამდე ასე ყოჩაღად გადავურჩით, და რის გამოც ამდენს ვბლატაობდით, არავის დახმარება არ დაგვჭირვებიაო… თვითმფრინავის გასწრების შემთხვევაში (მით უმეტეს მას შემდეგ რაც ვნახეთ რომ ბილეთების გადმოცვლა სიძვირის გამო ფაქტიურად შეუძლებელი იყო) უკვე მოგვიწევდა, რომ გავიჭედეთ და გვიშველეთ და ბიძიებო, დეიდებო თქვენი ლამაზი თვალების ჭირიმე…
ამასობაში სამი საათიც გავიდა და სამსაათნახევარიც და როგორც იქნა გახსენს „კორდონის“ ჭიშკარი… მე და ჩემი უკრაინელი მძღოლები დანარჩენ მგზავრებთან ერთად უმწეო გინებით ავბრუნდით ავტობუსში… ამის შემდეგ კი, ცოდვას ვერ ვიტყვი, თვითონ საბაჯოზე მაქსიმალურად სწრაფად და ოპერატიულად გაგვატარეს პოლონელმა მესაზღვრეებმა… ცოტა ამოვისუნთქეთ, თუმცა მთელი გზა საათს ვუყურებდი…
ჩავასწარით… კრაკოვში ავტობუსიდან ჩამოსვლისთანავე ტაქსი გავაჩერეთ და აეროპორტისკენ დავგაზეთ… თითქმის მთელი ქალაქი გადავჭერით… აეროპორტში ნელ–ნელა მოგროვდნენ ქართველები, სათითაოდ მოდიოდნენ და ინსტიქტურად, თვალებით ეძებდნენ თავისიანებს… არასდროს არ მეგონა, რომ გარეგნობით ასე ვგავდი ქართველს, თან ამხელა წვერით… ვისაც კი გზა აებნა და დაიკარგა, ყველა მე მომადგა: -„ქართველი ხარ ძმაოო?..“ სიღნაღელი ბიჭი იყო, სამუშაოდ წამოსული, ხელობაზე ვმუშაობდიო, ორიც მეგრელი – „უკრაინიდან მოვდივარ კაცი არ გველაპარაკება რუსულად, არც უკრაინაში, არც აქ ვითომ არ ესმით ჩვენ კიდევ ინგლისური არ ვიცითო…“ ქუთაისელები, სვანები, თბილისელები… ნელ–ნელა შეიკრიბა სრულიად საქართველო, მეც კარგად გავიშალე მხრებში და ავქაქანდი ბიჭებთან… ჭყონიას გულიც კი დასწყდა „ ჩემთან რატომ არ მოდიოდნენ მე არ ვგავარ ქართველსო?..“ „სამაგიეროდ ყაბალახი რომ წაგაკრან კოპიო გურული ხარ–მეთქი“ – ვანუგეშე ჩემი ჭკუით – „საიდან მოვიტანო ახლა მე შუაგულ კრაკოვის აეროპორტში, გურული ყაბალახი, ამათ რომ მიცნონო…“ გაბრაზდა ისევ.
ასე ჩავბარგდით თვითმფრინავში და როგორც იქნა წამოვფრინდით სახლში… შავი ზღვის თავზე ტურბულენტურ ზონაშიც მოვყევით და გვარიანადაც გვაბანჯღალავა, მაგრამ ვიღას ჰქონდა მაგის დარდი… გოგას საერთოდ ღრმად ეძინა, მე კი იმას ვფიქრობდი რომ 1999 წლის ოქტომბრიდან ,პირველი გასვლებიდან მოყოლებული პანკისში, ცხინვალში და აფხაზეთში, ცხელ წერტილებს თუ რაღაცას რომ ეძახიან, ყველაზე მაგარი, სახლში დასაბრუნებელი გზა იყო, გზაში ერთი–ორჯერ მაინც რომ ასწრებ საკუთარი თავისთვის იმის მოყოლას რასაც სახლში და ბიჭებში, უბანში მოყვები… გამახსენდა ისიც, რომ ეს პირველი სერიოზული ოპერაცია იყო, საიდან მობრუნებულსაც სახლში დედა აღარ მელოდებოდა…
დავფრინდით… უკვე საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, მესაზღვრემ უკვე დარბაზში გასვლის წინ გამაჩერა და მკითხა:
– ბატონო ბექა რა მიზანს ისახავდა თქვენი ვიზიტი უკრაინაში?..
– ოფიციალურად წიგნს ვწერ უკრაინის ომზე, არაოფიციალურად კი თვითონ შეგიძლიათ ივარაუდოდ–მეთქი. თან შევეცადე გაკვირვება არ შემემჩნია, ეს პირველი შემთხვევა იყო, ასეთი დაკითხვის… როდესაც სხვა სახელმწიფოში შედიხარ კიდევ შეიძლება გკითხონ – რისთვის ჩამოხვედიო, მაგრამ უკვე სახლში დაბრუნებულისთვის, აქამდე არასოდეს უკითხავთ – „რა მიზანს ისახავდა ჩემი ვიზიტი“ – გერმანიაში, თურქეთში, ლიტვაში, იგივე უკრაინაში თუ პოლონეთში, ჩეხეთში, ავღანეთში ან იტალიაში…
12 ივნისი
ქუთაისიდან თბილისში მიმავალ ავტობუსში უკვე მე მეძინა… თუმცა ხშირად მეღვიძებოდა და… ზესტაფონი… ხაშური… გორი… იგოეთი… მცხეთის ჯვარი…
თბილისში რომ შემოვედით უკვე ირიჟრაჟა… ლვოვიდან ღამის 10 საათზე გამოსული, თბილისში, 12 ივნისს, დილის 7 საათზე ჩამოვედი. ეზოში რომ შემოვედი და სახლის ფანჯრებს ავხედე, უკვე კარგად იყო განათებული, მაგრამ ფანჯრებში შუქი ენთო – სანდროს, მარიამს, და ჩვენს ლაბრადორს – „როკის“ არ ეძინათ, მხოლოდ ეფემიას ჩასძინებოდა… მეც მას შემდეგ რაც როკისთან ღლაბუცს და სანდროსთან და მარიამთან ჩახუტებას და ჯაჯგურს მოვრჩი, ფეფოს შევუწექი და აი აქ კი უკვე ღრმად ჩამეძინა…
12 ივნისი, ჩემი, ჯერჯერობით ერთადერთი (ხაზს ვუსვამ ჯერჯერობით!..) ძმისშვილის, სალომეს დაბადების დღეა, 7 წლის გახდა და საღამომდე უნდა გამომეძინა, გამოვპრანჭულიყავი და მთელი კლანით ვხლებოდით!…
სალიკუნა მე დავბრუნდი… გილოცავ დაბადების დღეს!..