დელიში მუსლიმების წინააღმდეგ მასშტაბური ძალადობა განხორციელდა

ვასკა მათითაიშვილი

ინდოეთის დედაქალაქში დემონსტრანტებმა არნახულ ძალადობას მიმართეს მუსლიმური თემის მიმართ. დელიში ძალადობრივ თავდასხმებს დაახლოებით 30 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანი კი დაშავდა.

უთანხმოება იმ კანონის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის გაჩნდა, რომელიც ყველა რელიგიური უმცირესობისთვის ინდოეთის მოქალაქეობის სწრაფი წესით მინიჭებას ითვალისწინებს, მუსლიმების გარდა.

 

თვითმხილველებმა cnn-თან განაცხადეს, რომ გაბრაზებული ბრბო  სამშაბათს, ღამით, შევარდა მუსლიმების დასახლებაში. მათ გადაწვეს და დაარბიეს საცხოვრებელი სახლები და მაღაზიები. პოლიციამ ბრბოს დასაშლელად ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, თუმცა დემონსტრანტებმა პოლიციას ქვების დაუშინეს და ირგვლივ მდებარე შენობებს ცეცხლი წაუკიდეს. ამის შემდეგ პოლიციამ ბრბოს დასაშლელად რეზინის ტყვიებიც გამოიყენა.

შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ჯერ კიდევ დასათვლელია, თუმცა, უახლესი ცნობების მიხედვით, ერთ-ერთი გარდაცვლილი პოლიციელია, რომელსაც ტყვია შუბლის არეში მოხვდა. სამედიცინო პერსონალის ცნობით, დაახლოებით 200-მდე ადამიანი იმყოფება საავადმყოფოებში, ზოგი სუსტი, უმეტესობა კი მძიმე დაზიანებით.

დელის პოლიციას უყურადღებობასა და არასათანადო მოქმედებაში ადანაშაულებენ, რასაც პოლიციელები კატეგორიულად უარყოფენ.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ, რომელსაც ახალი კანონის შემოღების გამო რელიგიური უმცირესობების ჩაგვრაში ადანაშაულებენ, მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„ჩვენი ეთოსისთვის სიმშვიდე და ჰარმონია ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. მე მივმართავ ჩემს დებსა და ძებს დელიში, რომ შეინარჩუნონ მშვიდობა და ძმობა ნებისმიერ დროში“, – დაწერა ნარენდრამ თავის Twitter-ის გვერდზე.