მობილიზაცია და ანექსიის გამოცხადება არა რუსეთის ძალას, არამედ სისუსტეს აჩვენებს - სტოლტენბერგი

პუბლიკა

მოსკოვში ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის გამოცხადების შემდეგ სანაგებო ბრიფინგი გამართა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის მიერ უკრინის ტერიტორიების ანექსირების მცდელობა არის არალეგალური და არალეგიტიმური. ალიანსის წევრები არ ცნობენ მას და მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, რომ დაგმოს რუსეთის ეს ქმედება.

„დონეცკი უკრაინაა, ლუჰანსკი უკრაინაა, უკრაინაა ხერსონი და ზაპორიჟია ისევე, როგორც ყირიმი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ასევე, მისი თქმით, რუსეთის ეს ნაბიჯი ვერ ცვლის ვერაფერს და ალიანსი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ამ თავდაცვით ომში. რუსეთის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია, ბირთვული იარაღით შანტაჟი თუ ანექსიის გამოცხადება კი მის სისუსტეზე მიუთითებს და არა სიძლიერეზე.

„ეს არის იმისი დასტური, რომ მათ მიერ წამოწყებული ომი გეგმისამებრ არ მიმდინარეობს და პუტინს სრულად ჩაუვარდა თავისი სტრატეგიული მიზნები“, – თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

ასევე, სტოლტენბერგის თქმით,ბოლო დღეებში რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები ომის დაწყების შემდეგ ყველაზე საშიში ესკალაციაა. თუმცა ყველაფერზე სრული პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება და მისი პასუხისმგებლობაა ისიც, რომ დაასრულოს ეს ომი.

„პუტინმა მოახდინა ასობით ათასი ჯარისკაცის მობილიზება, წამოიწყო ბირთვული ომით ყოვლად უგუნური შანტაჟი და ახლა უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსია გამოაცხადა. ეს, ერთობლიობაში, წარმოადგენს ყველაზე სერიოზულ ესკალაციას ომის დაწყების შემდეგ“, – თქვა სტოლტენბერგმა.