„თუ დამოუკიდებელ ომბუდსმენთან თანამშრომლობისთვის მზად არ იქნებიან, მხარს ნუ დამიჭერენ“ - ქეთევან ჩაჩავა

პუბლიკა

ქეთევან ჩაჩავა ომბუდსმენობის ერთ-ერთი კანდიდატია. მას სამოქალაქო სექტორში მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება აქვს. მისი საქმიანობის ძირითადი სფეროები არჩევნების დაკვირვება და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული თემებია. რას ფიქრობს ის ევროინტეგრაციის პროცესზე; ბოლო დროს განვითარებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენებზე; რა პასუხი აქვს კოლეგების კრიტიკაზე, რომ ის არაა მმართველი ძალისგან თავისუფალი კანდიდატი და წლების განმავლობაში წარმოადგენდა ხელისუფლების მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

„პუბლიკა“ ქეთევან ჩაჩავას ესაუბრა

  • მოქმედ ომბუდსმენს მტრულ გარემოში უწევს საქმიანობა. მმართველი პარტია სახალხო დამცველის დისკრედიტაციას არ ერიდება ხან „მეორე ფრონტის გახსნის“ მხარდაჭერაში სდეს ბრალ და ხან ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობა აბრალეს. როგორ უყურებთ ამ გარემოებების ფონზე ომბუდსმენობის პერსპექტივას?

ეს მტრული გარემო შემაშფოთებელია ყველასთვის. ეს არის უდიდესი გამოწვევა. „ქართული ოცნება“ ცდება, თუ ფიქრობს, რომ ასეთი დამოკიდებულებით სამოქალაქო სექტორში ვინმეს შეაშინებს. დიდი ხანია ამ სექტორში ვსაქმიანობ, ბევრი რამ მინახავს და ასეთი მარტივი არაა ჩემი შეშინება.

სახალხო დამცველის კონკურსში მონაწილეობის გადაწყვეტილება, რომელიმე კონკრეტული პარტიისთვის კარგი გარემოს შესაქმნელად არ მიმიღია და კარგად მაქვს გააზრებული ჩემი მისია. ჩემი აზრით, „12 ნაბიჯის“ კონტექსტის გამო დღეს პირველად არის საჭირო, რომ სახალხო დამცველმა ყველას მხარდაჭერა მიიღოს და კონსენსუსით იქნეს შერჩეული (თუ საერთოდ არ ჩააგდებს მმართველი პარტია ამ პროცესს).

  • რა გაძლევთ საფუძველს იფიქროთ, რომ შეიძლება მმართველმა პარტიამ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი ჩააგდოს?

ყველა ვაკვირდებოდით სახალხო დამცველის შერჩევის პროცესთან დაკავშირებულ მოვლენებს. გასული წლიდან მოყოლებული არაერთგზის მოგვისმენია მმართველი პარტიის განცხადება, რომ ისინი „ამ შეცდომას აღარ დაუშვებენ“ და „თავისთვის მისაღებ სახალხო დამცველს აირჩევენ“ – ეს გზავნილები დიდხანს ისმოდა.

გაფაციცებით ვაკვირდებოდი პროცესს, რომ მიმხვდარიყავი, პოტენციურად ვინ შეიძლება ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მქონე კანდიდატურა.

  • შეიძლება თუ არა, ჩაიშალოს პროცესი, თუ „ქართული ოცნება“ მისთვის მისაღებ კანდიდატურას ამ სიაში ვერ ნახავს?

სავარაუდოდ, ამ ეტაპამდე, არცერთი კანდიდატის მხარდამჭერის შესახებ არ განუცხადებიათ. მე არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც ოპოზიციურ პარტიებთან არ მქონია კონსულტაცია.

თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირთან დაახლოების„12-მა ნაბიჯმა“ პოლიტიკური განრიგი შეცვალა და ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ შეიძლება „ქართული ოცნება“ სხვანაირად უყურებდეს ამ პროცესს.

  • შესაძლებელია თუ არა, დაუშვან ისეთი ადამიანის არჩევა, რომელიც მათ მიმართ ლოიალური არ იქნება?

იმედი ვიქონიოთ, „12 ნაბიჯიდან“ გამომდინარე პასუხისმგებლობა და ის შანსი, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიეცა, კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული.

ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ეს შანსი მმართველმა ძალამ ხელიდან გაუშვას. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ისინი გონივრულად მიუდგებიან ამ პროცესს და სახალხო დამცველს კონსენსუსით შეარჩევენ.

  • სახალხო დამცველის კონკურსში მონაწილეობაზე თქვენ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურეთ. გავეცანი თქვენს სტატუსს, სადაც წერთ, რომ ევროპული მომავლისკენ გზაზე ახლა მთავარი კონსოლიდაციაა და თქვენ არაერთხელ მოუწოდეთ ყველა ჩართულ მხარეს ერთიანობისკენ. რა ართულებს კონსოლიდაციას ამ პროცესში, რატომ ვერ მუშაობენ პოლიტიკური ძალები 12 პუნქტის შესასრულებლად საჭირო ღონისძიებებზე ერთად?

წლების განმავლობაში ისეთ ჯგუფებთან დავმსხდარვართ და გვისაუბრია, რომლებთან საუბარიც აქამდე აზრად არავის მოსვლია. ჩემმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ დიალოგისთვის ორივე მხარის ღიაობაა საჭირო. დღეს დიალოგის ნაკლებობაა, ფაქტობრივად ადამიანები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, ალბათ პანდემიამაც შეიტანა წვლილი, მაგრამ მანამდეც ასე იყო.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან მქონდა შეხვედრები პარლამენტში. ისინი საუბრობდნენ, რომ საერთოდ არანაირი კომუნიკაცია არ არსებობს პოლიტიკური ჯგუფებს შორის.

ჩვენი ქვეყანა ყველას ძალიან უყვარს, შეიძლება პოზიციები მის განვითარებასთან დაკავშირებით ჰქონდეთ სხვადასხვა, მაგრამ მე პროფესიით კონფლიქტოლოგი გახლავართ და ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საუბრის დაწყება იმაზე, თუ რა გვაქვს საერთო. ეს ფაქტობრივად არ ხდება.

  • ოპოზიცია ამბობს, რომ კონსოლიდაციას 12 ნაბიჯის შესასრულებლად საჭირო ღონისძიებებზე შეთანხმება ართულებს. ხელისუფლება არ ეთანხმება იმ ღონისძიებებს, რომლებიც რეალურად მოაგვარებს გამოწვევებს. არ ეთანხმება იმიტომ, რომ ამ ცვლილებებზე დათანხმება მათთვის ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია.

12 პუნქტის არშესრულება და ამ ისტორიული შანსის არგამოყენება იქნება პირდაპირი საფრთხე ამ ძალაუფლების დაკარგვის. ეს მკაფიო რეალობაა. ამაზე ყველა კვლევა მკაფიოდ საუბრობს.

როცა 12 რეკომენდაცია გამოქვეყნდა, ჩვენი ერთ-ერთი პირველი რეკომენდაცია იყო სამოქმედო გეგმის მომზადება, რომელიც შეჯერდებოდა ჯერ ქვეყნის შიგნით და შემდეგ შეთანხმდებოდა ევროკავშირთან.

  • ვინ უნდა შექმნას ეს სამოქმედო გეგმა?

ეს ხელისუფლებისა და მმართველი ძალის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა. ყველას გვაქვს ჩვენ ჩვენი წვლილი, მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებისაა. „12 ნაბიჯში“ პირველი იყო კონსოლიდაცია – დასხედით და თქვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებზე შეთანხმდითო.

მე იმედი მაქვს, რომ ჯერ არის კიდევ დრო, მაგრამ კითხვა – მართლა გააკეთებენ თუ არა – რა თქმა უნდა, არსებობს. ამ ისტორიული შანსის არგამოყენება არ შეიძლება. თუ ეს შანსი ახლა ვერ გამოვიყენეთ, უნდა დაველოდოთ შემდეგ მატარებელს, რომელიც არც ვიცით მოვა თუ არა. ეს იქნება დანაშაული, რომელსაც ქართველი ხალხი არავის აპატიებს.

  • როგორც ვხვდები, გაქვთ მოლოდინი, რომ პოლიტიკური ჯგუფები მოახერხებენ კონსოლიდაციას და „12 ნაბიჯით“ გათვალისწინებული რეკომენდაციები შესრულდება …

მინდა, რომ მჯეროდეს …

ჩემთვის ხშირად უთქვამთ, რომ ძალიან პოზიტიურად ვფიქრობ, მაგრამ ალბათ ამ სექტორში 17 წელი ვერ იქნები, თუ არ გჯერა, მათ შორის შეუძლებლის. ჩვენი ქვეყანა იმსახურებს, რომ ხელისუფლება, რომელიც მას ჰყავს ყველაფერს აკეთებდეს მათ შორის იმისთვის, რომ ეს ისტორიული შანსი გამოვიყენოთ.

ძალიან ბევრი ადამიანია დღეს ხელისუფლებაში, ვისაც გულით აქვს სურვილი, რომ ყველაფერი გააკეთონ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის. მე ვიცნობ ასეთ ადამიანებს და მიმუშავია ასეთებთან. ამიტომ იმედი არსებობს და უიმედობა ცუდია. შეიძლება ზედმეტად პოზიტიური ვარ, მაგრამ მჯერა ჩვენი ხალხის და ჩვენი ხალხის ძალის და ჩვენი ხმა, ჩემი აზრით, მკაფიოა და ვერავინ დააიგნორებს.

  • ხელისუფლება, შეიძლება ითქვას, რომ მმართველი პარტიიდან გასული დეპუტატების ანტიამერიკულ განცხადებებს არ ემიჯნებ. არ აჩენს ეს კითხვებს?

როგორ შეიძლება კითხვები არ გააჩინოს, ან არ დატოვოს იმან, რასაც ვუყურებთ. მე გულწრფელად ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ამ ტიპის გზავნილებს მოვისმენდი – ამერიკის, ამერიკის ელჩის, ევროკავშირისა და ევროკავშირის ელჩის მიმართ. ხანდახან ფიქრობ, რომ ყველაფერი ნანახი გვაქვს და მერე კი ფიქრობ, თურმე ჯერ სად ვართ.

  • რატომ არ ემიჯნება ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლება და მმართველი პარტია ამ ნარატივს?

არ ვიცი. ჩემი აზრით, ეს არის დიდი სტრატეგიული შეცდომა მათი მხრიდან. სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება ეს სიჩუმე. დღეს სიჩუმეც პოზიციაა. შესაბამისად, რეაგირების არმოხდენა უკვე პოზიციაა.

  • 5 ივლისის ძალადობის წახალისებაში როგორ ხედავთ ეკლესიის და სახელმწიფოს პასუხისმგებლობასა და როლს?

ძალიან მძიმე დღე იყო და განსაკუთრებით რთული სანახავი იყო პრემიერის გამოსვლა, როდესაც მან „ხდება ხოლმე“ ფორმატის განცხადება გააკეთა. როდესაც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უზრუნველყოფაზეა საუბარი, ეს პირველ რიგში სახელმწიფოს ვალდებულებაა. როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა ინსტიტუტის როლზე, ჩვენ, სამწუხაროდ, ვნახეთ რელიგიური პირების მონაწილეობა, თუმცა აქაც მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ეკლესიის როგორც ინსტიტუტის ჩართულობა რამე პროცესში და ცალკეული სასულიერო პირების ინდივიდუალური მონაწილეობა. აუცილებელია დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. არ შეიძლება ყოველ წელს შენ შიშში ამყოფო აქტივისტები, ლგბტქი + თემი, ასე არ ხდება დემოკრატიულ სახელმწიფოებში.

  • საპატრიარქო მკაფიოდ არ გამიჯვნია ძალადობას …

ჩემი შეფასებით, არ არის სამართლიანი ვთქვათ, რომ ეკლესია როგორც ინსტიტუცია ჩართული იყო ამ ძალადობის წახალისებაში, პირიქით მე მახსოვს განცხადებები… შეგვიძლია ვიმსჯელოთ, იყო თუ არა დაგვიანებული ეს განცხადებები და იყო თუ არა ეფექტური ეს.

ამიტომ ვფიქრობ, რომ, როცა მოქალაქის უფლება ირღვევა სახელმწიფო უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ბოლო წლის პრაიდის კვირეული წინა წლების გამოცდილებებს ვერ შეედრება და ვფიქრობ, რომ უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი დავინახეთ იმავე ეკლესიის პოზიციის კუთხით და დავინახეთ იგივე პოლიცია, რომელიც ბევრად ეფექტურად მუშაობდა.

  • ბოლო რამდენიმე თვეში არაერთი განცხადება გააკეთეთ მნიშვნელოვან საზოგადოებრივპოლიტიკურ მოვლენებზე, გასულ წლებში ეს ასე არ იყო…

დიდი გზა გამოვიარე, 2005 წლიდან სტუდენტურ და შემდეგ ახალგაზრდულ მოძრაობაში გახლდით. 2012 წლიდან „ახალი თაობა, ახალი ინიციატივაში“ დავიწყე მუშაობა. 2012 წლის არჩევნები მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. ამ ორგანიზაციიდან წამოვედი 2012 წელს და დავაფუძნეთ CDD.

ჩვენი ორგანიზაცია, 2013 წლიდან ყველა არჩევნებს აკვირდება. ბოლო ორ არჩევნებზე არჩევნების მონიტორინგის კონკრეტული გრანტი არ გვქონია და ვცადეთ სხვადასხვა მეთოდი – ფანდრაიზინგი” და ქროუდფანდინგი. ეს მწირი რესურსი იყო, მაგრამ ამ მიმართულებით ჩვენი გამოცდილება მრავალწლიანი იყო და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ გაგვეგრძელებინა.

განვახორციელეთ არაერთი პროექტი და ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ევროინტეგრაცია იყო, ამ პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ფენის ჩასართავად თანამშრომლობა დავიწყეთ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

ერთი მხრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, მეორე მხრივ ძალიან სენსიტიურ ჯგუფებთან მუშაობა – ამ გარემოებების გამო მე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი.

ხშირად ვფიქრობ სტრატეგიულად, რომ დღეს ჩემმა პოზიციამ ვინმე მომავალში პარტნიორობისთვის არ დააბრკოლოს. არასოდეს ვყოფილვარ აქტივისტი, პარტიის წევრი. საჯაროდ მხარიც კი არავისთვის დამიჭერია. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ როლის შენარჩუნება – დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ადამიანისა და ორგანიზაციის.

რა თქმა უნდა, ამ გზაზე იყო პროცესები, როდესაც ჩვენ როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ჩვენი პოზიციების უფრო ხმამაღლა დაფიქსირება გვინდოდა, მაგრამ იმ დროს ჩავთვალეთ, რომ საერთო ინტერესების ნაწილში უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ თუნდაც იმ ერთი პოსტისთვის არ შეგვეწირა წლებით ნაშენები ნდობა და შეიძლება ბევრად მეტი გაგვეკეთებინა ამ ნდობიდან გამომდინარე.

  •  სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი ბრძანდებით. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში არჩევნები არჩევნებამდე ყალბდება და არა არჩევნების დღეს. თქვენი აზრი როგორია ამ საკითხზე?

გულწრფელად მინდა გითხრათ, შეიძლება ეს გზავნილი (ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე) ჩვენი მხრიდან წლების განმავლობაში მკაფიოდ არ ისმოდა, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ჩვენი სადამკვირვებლო მისიის რესურსი ყოველთვის მწირი იყო.

ჩვენი მისია ძირითადად კონცენტრირებული იყო არჩევნების დღეზე და კონკრეტულ უბნებზე. ის, რომ დღეს ჯარისა და ბევრი სხვა მიმართულებით მდგომარეობა გაუმჯობესდა, ვფიქრობ, რომ ამაში ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილია.

ოპოზიციურ პარტიებთან მისაუბრია ამაზე და ვფიქრობ, რომ ახლა, როცა საარჩევნო რეფორმა მიმდინარეობს, მათგან სათანადო ყურადღება არ ეთმობა წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებულ თემებს – ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, პოტენციური ზეწოლის მექანიზმებს და უამრავ გამოწვევას.

საქართველოში არჩევნები არჩევნების დღეს არ ყალბდება. ამომრჩეველზე ზეწოლის მოხდენა ხშირად ხდება წინასაარჩევნო პერიოდში და ხშირად წინასაარჩევნო პერიოდამდეც. ამ პროცესში აუცილებელია ადეკვატური გააზრება პრობლემის და დროული რეაგირება – ეს იქნება ცნობიერების ამაღლება, საკანონმდებლო ინიციატივები და ა.შ.

დასამალი არც არის, მე მქონია შეხვედრა ამომრჩეველთან, რომლებიც ვიცოდით, რომ არჩევნების დღეს ჩართული იყვნენ რაღაცნაირ მექანიზმებში. ეს იყო უფრო ადრე, 2010 წელს და მე პირდაპირ ვეუბნებოდი ამომრჩეველს, რომ როცა შენ შემოხაზულ ბიულეტენს გაძლევენ, ყუთში ჩაგდებამდე გადახაზე, ნუ მპარავ არჩევანს.

  • თქვენი კოლეგა არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ თქვენ მთავრობის მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენდთ, რას უპასუხებდით ?

„გონგო“ – მკაფიო ტერმინია და სამოქალაქო სექტორში გამოიყენება. ეს არის სახელმწიფო მიერ შექმნილი, დაფინანსებული ორგანიზაცია. ყველა სტანდარტის მიხედვით არცერთი ორგანიზაცია, რომელთანაც კავშირში მქონია არავითარი გაგებით „გონგო“ არაა.

  • ბოლო ორ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისთვის თანხები როგორ მოიძიეთ? თქვენ თქვით, რომ გრანტი არ გქონიათ.

ჩვენ ვცადეთ, რომ დაფინანსება ამ მიმართულებაზე მიეღო ორგანიზაციას, მაგრამ ბოლო ორ არჩევნებს 100-კაციანი მისიით დავაკვირდით და ეს ის ჯგუფია, რომლებიც უკვე წლებია მოგვყვება. „ქრაუდფანდინგი“ მნიშვნელოვანი ფორმატია სამოქალაქო სექტორისთვის. რაც მეტად ვეცდებით ჩვენს დაფინანსებაში მოქალაქეთა ჩართვას, მით უკეთესი. თუ არ ვცდები 7000$ იყო. ბოლო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებს ვუმასპინძლეთ საფრანგეთიდან. ჩვენი სტუმრები სტამბაში რჩებოდნენ.

მედიაცენტრი სტამბაში მოვაწყვეთ და ორი პრესკონფერენცია გავაკეთეთ. რეალურად ძალიან გამჭვირვალე ვართ. ყოველ წელს გვაქვს საერთაშორისო აუდიტი და ინტერესის შემთხვევაში ნებისმიერ შეუძლია ნახოს. გონგობიის ნაწილში რა იგულისხმება, არ ვიცი. მე არავითარ კომუნიკაციაში არ შევალ და არ დავასხამ „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყალს, ვისი მიზანიც სამოქალაქო სექტორში დაძაბულობის შექმნაა. თუ კითხვები არსებობს ღია ვარ, წარსული, აწმყო და მომავალი – არასოდეს დამალული არ ყოფილა.

  •  დღეს რა მთავარი გამოწვევებიადამიანის უფლებების თვალსაზრისით?

ჩემთვის ადამიანის უფლებები ერთიანია და ის ადამიანი არ ვარ, რომელიც ფიქრობს, რომ რომელიმე ერთი უფლება მეორეზე უფრო მნიშვნელოვანია. ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებები ილახება, უნდა იცოდეს, რომ ყველა ეს პრობლემა ჩემთვის (თუ ომბუდსმენი გავხდები) თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება.

ჩემთვის, როგორც დემოკრატიზაციაზე მომუშავე ადამიანისთვის, დღეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევა არის მტრული გარემო მედიისა და აქტივისტებისთვის. ასევე – ის მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ სათანადო ყურადღებას, იქნებიან პრიორიტეტული – ბავშვები, ქალები, მოხუცები, ეთნიკური უმცირესობები, ლგბტქი+ საზოგადოება.

აქვე ვიტყვი, რომ თუ მოხდება კონსენსუსი ჩემს კანდიდატურაზე პარლამენტში, მხარს ნუ დამიჭერენ, თუ მზად არ იქნებიან, რომ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სახალხო დამცველს ეთანამშრომლონ მომავალში. თუ ეს მზაობა და მოლოდინი არაა, ნუ დავკარგავთ ერთმანეთის დროს.