შევთანხმდით G7-ის ლიდერების სასწრაფო შეხვედრაზე - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაიგეგმა დიდი შვიდეულის ლიდერების სასწრაფო შეხვედრა. ინფორმაცია ზელენსკიმ twitter-ით გაავრცელა.

„გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შევთანხმდით G7-ის ლიდერების სასწრაფო შეხვედრაზე, სადაც დაგეგმილია ჩემი სიტყვით გამოსვლა. ვისაუბრებ რუსეთის მიერ განხორციელებულ ტერაქტებზე უკრაინაში“, – დაწერა მან twitter-ზე.

მისი თქმით, ის ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც. ზელენსკის განცხადებით, მან მაკრონთან ისაუბრა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხსა და რუსეთთან მიმართებით საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი რეაქციის აუცილებლობაზე.


უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, დღეს დილიდან რუსეთმა უკრაინის მიმართულებით უკვე 75 რაკეტა ისროლა, აქედან 41 უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა დღეს დილიდან სტრატეგიული ავიაციის გამოყენებით და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი იერიში მიიტანა უკრაინაზე. არსებული მონაცემებით, დაღუპულია მინიმუმ 8 ადამიანი.

აფეთქებები მოხდა კიევის ცენტრში, დნიპროში, ჟიტომირში, ლვივში, ვინიცაში, მიკოლაივში, ხარკივისა და სუმის ოლქებსა და უკრაინის სხვა ტერიტორიებზე. BBC-ის ცნობით, ლვივისა და ხარკივის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.