„ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას“ , – ამ მოთხოვნით დღეს, 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია იმართება.
გავრცელებულ განცხადებაში საუბარია რუსეთის მიერ დღეს განხორციელებულ მასიურ სარაკეტო თავდასხმაზე უკრაინის ტერიტორიაზე. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მოფლიომ უნდა იცოდეს რუსეთის დანაშაულების შესახებ.
„ტერორისტულმა ქვეყანამ, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა და განაგრძობს მასიურ სარაკეტო და საჰაერო იერიშებს უკრაინის ტერიტორიაზე, იყენებს თავდასხმის უპილოტო საფრენ აპარატებს. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს მათი დანაშაულების შესახებ! ამიტომ, დღეს 20:00 საათზე გამოვდივართ აქციაზე საქართველოს პარლამენტთან. ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას. თან იქონიეთ უკრაინული სიმბოლოები და პლაკატები“, – ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, დღეს დილიდან რუსეთმა უკრაინის მიმართულებით უკვე 75 რაკეტა ისროლა, აქედან 41 უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა დილიდან სტრატეგიული ავიაციის გამოყენებით და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი იერიში მიიტანა უკრაინაზე. არსებული მონაცემებით, დაღუპულია მინიმუმ 8 ადამიანი.
აფეთქებები მოხდა კიევის ცენტრში, დნიპროში, ჟიტომირში, ლვივში, ვინიცაში, მიკოლაივში, ხარკივისა და სუმის ოლქებსა და უკრაინის სხვა ტერიტორიებზე. BBC-ის ცნობით, ლვივისა და ხარკივის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.