ტერორისტულ თავდასხმებზე რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი - პუტინმა ტერორიზმში უკრაინა დაადანაშაულა

პუბლიკა

დღეს დილით უკრაინულ ქალაქებზე რუსული სარაკეტო იერიშების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კიევი ტერორისტული აქტების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, უკრაინის სპეცსამსახურებმა გაზსადენის „თურქული ნაკადის“ აფეთქება სცადეს. მანამდე კი კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე მოაწყვეს 3 ტერაქტი.

ხოლო დღეს, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მათ უკრაინის სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე მიიტანეს „წერტილოვანი დარტყმები“.

„გენერალური შტაბის გეგმისამებრ, უკრაინის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღებით წერტილოვანი დარტყმები განხორციელდა ენერგეტიკულ, სამხედრო, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასა და მართვის ცენტრებზე“, – განაცხადა პუტინმა.

ასევე პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდასხმებზე რუსეთის პასუხი მკაცრი იქნება. „თუკი რუსეთის ტერიტორიაზე გაგრძელდება ტერორისტული აქტების მცდელობები, პასუხები იქნება მკაცრი და საფრთხის დონის შესაბამისი“, – განაცხადა პუტინმა.


უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა დღეს დილიდან სტრატეგიული ავიაციის გამოყენებით და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი იერიში მიიტანა უკრაინაზე. არსებული მონაცემებით, დაღუპულია მინიმუმ 8 ადამიანი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, დღეს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით უკვე 83 რაკეტა ისროლა, აქედან 43 უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს.

აფეთქებები მოხდა კიევის ცენტრში, დნიპროში, ჟიტომირში, ლვივში, ვინიცაში, მიკოლაივში, ხარკივისა და სუმის ოლქებსა და უკრაინის სხვა ტერიტორიებზე. BBC-ის ცნობით, ლვივისა და ხარკივის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული იერიშების სამიზნე ენერგეტიკული ობიექტები და მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი თავს ესხმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, აშშ-ის საელჩომ უკრაინაში ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, დატოვონ ქვეყანა.

რუსეთის სარაკეტო თავდასხმები უკრაინულ ქალაქებზე უკვე დაგმეს დასავლელმა პოლიტიკოსებმა. რუსეთის მოქმედებები გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტმაც.