ბრიტანული The Guardian-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ადამიანის რძეში მიკროპლასტმასა პირველად აღმოაჩინეს. გამოცემის ცნობით, მკვლევრები დიდად შეშფოთებულნი არიან ჩვილების ჯანმრთელობაზე პოტენციური ზემოქმედებით, თუმცა მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ძუძუთი კვება რჩება ბავშვის კვების საუკეთესო გზად.
კვლევის ფარგლებში, რძის ნიმუშები აიღეს რომში, ერთი კვირის ნამშობიარევი 34 ჯანმრთელი დედისგან. მათგან 75%-ში მიკროპლასტმასა აღმოჩნდა.
წინა კვლევამ აჩვენა მიკროპლასტმასას ტოქსიკური ზემოქმედება ადამიანის უჯრედულ ხაზებზე, ლაბორატორიის ცხოველებზე ზღვის ფლორასა და ფაუნაზე, თუმცა კვლავ უცნობია, რა გავლენას ახდენს ცოცხალ ადამიანებზე. პლასტმასა ხშირად შეიცავს ისეთ მავნე ქიმიკატებს, როგორებიცაა ფტალატები [ქიმიური ნივთიერებების ჯგუფი, რომელიც ხშირად გამოიყენება ყოველდღიურ, პირადი მოხმარების კოსმეტიკურ საშუალებებში, სათამაშოებსა და სხვა პროდუქტებში]
მეცნიერებმა აღნუსხეს დედების მიერ იმ სურსათის, ზღვის პროდუქტებისა და ჰიგიენის საშუალებების გამოყენება, რომლებიც პლასტმასითაა შეფუთული, თუმცა მიკროპლასტმასას არსებობასთან კორელაცია ვერ დაადგინეს. მეცნიერთა თქმით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ გარემოში მიკროპლასტმასას ფართოდ გავრცელების გამო, მისი „ადამიანზე ზემოქმედება გარდაუვალია“. თუმცა მომავალში უფრო ფართომასშტაბიანმა კვლევებმა შეიძლება, კონკრეტული რისკფაქტორები გამოავლინოს.
იტალიელი მეცნიერების ჯგუფმა 2020 წელს მიკროპლასტმასა გამოავლინეს ადამიანის პლაცენტაშიც. „ასე რომ, დედის რძეში მიკროპლასტმასების არსებობა ზრდის ჩვენს დიდ შეშფოთებას ისეთი უკიდურესად დაუცველი პოპულაციის მიმართ, როგორებიც ჩვილები არიან“ – განაცხადა Politecnica delle Marche-ს უნივერსიტეტის დოქტორმა ვალენტინა ნოტარსტეფანომ.
მისივე თქმით, „უმნიშვნელოვანესი იქნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ამ დამაბინძურებლების ზემოქმედების შემცირების გზების შეფასება, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ძუძუთი კვების უპირატესობა გაცილებით მეტია, ვიდრე მავნე მიკროპლასტმასების არსებობით გამოწვეული უარყოფითი მხარეები. ასეთმა კვლევებმა არ უნდა შეამციროს ბავშვების ძუძუთი კვება, არამედ უნდა გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება. სწორედ ამ საზოგადოების ზეწოლის შედეგად პოლიტიკოსებმა დაბინძურების შემცირებისკენ მიმართული კანონები უნდა მიიღონ“.
სხვა ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც ბოთლიდან იკვებებიან, შესაძლოა, დღეში მილიონობით მიკროპლასტმასას ყლაპავდნენ, ასევე მიკროპლასტმასებს შესაძლოა ძროხის რძეც შეიცავდეს.
გარემოში აურაცხელი რაოდენობით პლასტმასის ნარჩენები იყრება, ევერესტის მწვერვალიდან ოკეანის სიღრმემდე მიკროპლასტმასა მთელ პლანეტას აბინძურებს. პაწაწინა ნაწილაკები ადამიანის ორგანიზმში ხვდება საკვებისა და წყლის გზით, ასევე მათი ჩასუნთქვით. ეს ნაწილაკები აღმოჩენილია ჩვილებისა და მოზრდილების ფეკალიებში.
სამეცნიერო ჟურნალ Polymers-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომელიც დედის რძეს ეხებოდა, აღმოაჩინა პოლიეთილენის, პოლივინილის ქოლორიდისა და პოლიპროპილენის შემცველობის მიკროპლასტმასები. მკვლევრებმა 2 მიკრონზე მცირე ზომის ნაწილაკების გაანალიზება ვერ შეძლეს, თუმცა შესაძლოა, რძეში პლასტმასას უფრო მცირე ნაწილაკებიც არსებობდეს. დედის რძის ნიმუშები შეგროვდა, შეინახა და გაანალიზდა პლასტმასის გამოყენების გარეშე და საკონტროლო ნიმუშები ასევე დამუშავდა იმგვარად, რომ დაბინძურება გამორიცხულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მცირე კვლევაში არ გამოვლენილა მიკროპლასტმასასთან დაკავშირებული რისკფაქტორები, ნოტარსტეფანო აღნიშნავს: „ჩვენ გვსურს ვურჩიოთ ორსულებს, რომ მეტი ყურადღება გამოიჩინონ და თავი აარიდონ პლასტმასში შეფუთულ საკვებსა და სასმელს, ისეთ კოსმეტიკასა და კბილის პასტებს, რომლებიც მიკროპლასტმასას შეიცავენ, ასევე სინთეტიკური ქსოვილისგან დამზადებულ ტანსაცმელს“.
მარტში ადამიანის სისხლში მიკროპალსტმასებს მიაკვლია ჯგუფმა, რომელსაც ნიდერლანდებში, Vrije Universiteit Amsterdam-ში, პროფესორი დიკ ვეტააკი ხელმძღვანელობდა.
„ახალი კვლევა იძლევა წინასწარ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ მიკროპლასტმასები არის ადამიანის რძეში [მაგრამ] ამის დასადასტურებლად დაუყოვნებლივ საჭიროა მეტი კვლევა, ნიმუშების უფრო მეტი რაოდენობითა და, სასურველია, სხვა მეთოდების გამოყენებით. ჩვენ ბევრს ვშრომობთ ამ მონაცემების შესაგროვებლად.
ჩვენ ვხედავთ მხოლოდ აისბერგის წვერს მიკროპლასტმასების სახით. უფრო მცირე, ნანო ზომის პლასტმასები, სავარაუდოდ, უფრო გავრცელებული და ტოქსიკურია, თუმცა ამჟამად შეუძლებელია ნანოპლასტმასების ანალიზი ისეთ რთულ მატრიქსებში, როგორიცაა დედის რძე“, – ამბობს ვეტააკი.
მისივე თქმით, „ჯერჯერობით, არ არსებობს ცოდნა, თუ რა შესაძლო ზემოქმედებას ახდენს ძუძუთი კვებისას ჩვილზე მიკროპლასტმასებისა და მასთან დაკავშირებული დამაბინძურებლები. აქედან გამომდინარე, არსებობს მეტი კვლევების გადაუდებელი აუცილებლობა, რადგან მუცლად მყოფი, ახალშობილი და მცირეწლოვანი ბავშვები უფრო მგრძნობიარენი არიან ქიმიური და ნაწილაკების ზემოქმედების მიმართ. ეს საკითხი პრიორიტეტული უნდა იყოს ჯანმრთელობის კვლევაში“.