უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს სპიკერი ანდრეი იუსოვი აცხადებს, რომ FSB და საგამოძიებო კომისია ყალბია, და, შესაბამისად არ ღირს კომენტარის გაკეთება რუსეთის ბრალდებებზე ყირიმის ხიდის აფეთქებაში უკრაინის მონაწილეობის შესახებ. ინფორმაციას უკრაინული მედია Ukrainska Pravda ავრცელებს.
„FSB და საგამოძიებო კომისიის საქმიანობა სისულელეა, ყალბი სტრუქტურებია, რომლებიც ემსახურებიან პუტინის რეჟიმს, ამიტომ მათ შემდეგ განცხადებებზე კომენტარს ნამდვილად არ გავაკეთებთ. უცნაურია, რომ ყირიმის ხიდის მიდამოში სავიზიტო ბარათი ჯერ არაა ნაპოვნი“, – თქვა მან.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დღეს განაცხადა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებაში 12 თანამზრახველია იდენტიფიცირებული, მათგან 2 – საქართველოს მოქალაქეა. უწყება ასევე აცხადებს, რომ „ტერაქტის უკან დგანან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველო, მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები“.
რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები ყირიმის ხიდამდე ოდესიდან ბულგარეთის, საქართველოსა და სომხეთის გავლით მიიტანეს.
„ამჟამად, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებულია რუსეთის ხუთი, უკრაინისა და სომხეთის სამი მოქალაქე, რომლებიც დანაშაულის მომზადებაში მონაწილეობდნენ“, – განაცხადეს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში.
ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შექმნა სამთავრობო კომისია, რათა გამოიძიონ, რა მოხდა ხიდზე და ზედამხედველობა გაუწიონ სარეაბილიტაციო სამუშაოებს.