საზღვარი არ გაუვლია არც ტროტილით და არც სხვა რამით დატვირთულ ტრაილერს - მინისტრის მოადგილე ФСБ-ზე

პუბლიკა

საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს არ გაუვლია – თუ ეს სპეკულაციაა, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა უპასუხონ, მე გეუბნებით, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, – ასე ეხმაურება ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სატრანსპორტო საშუალებამ, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა, საქართველოს ტერიტორია გაიარა.

მისი თქმით, ის არ არის ვალდებული ოკუპანტის ბრალდებებს უპასუხოს, რომლის უკანაც არგუმენტები არ დგას.

„კონტროლის ნაწილში საბაჟო სამსახურები როგორ მუშაობენ ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა ძალიან კარგად იცის, მათ შორის როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ის მხრიდან, მუდმივ რეჟიმში გვაქვს მათთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით საბაჟო სამსახურს. რაც შეეხება ბრალდებებს, ზოგ შემთხვევაში პოლიტიკოსებისგან, ზოგ შემთხვევაში სპეცსამსახურებიდან, გარკვეული ბრალდებები ისმის, რომლის უკანაც არ დგას არანაირი დასაბუთება. ყოველთვის შეუძლია ვიღაცამ ვიღაცას რაღაც დააბრალოს და თუ ამის უკან არგუმენტი არ დგას, ეს იქნება უბრალოდ წამოროშილი სიტყვა, რომლის უკან არაფერი დგას. არ გაუვლია საბაჟო საზღვარი არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს თუ ვაგონს. არ მაქვს არანაირი ვალდებულება თავი ვიმართლო ვინმეს წინაშე. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ საქართველოს საზღვარი გაიარა, მაგ შემთხვევაში გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან.

ოკუპანტი ქვეყნის ბრალდებაზე მე თავი უნდა ვიმართლო?! ასე ფიქრობთ? თუ ეს სპეკულაციაა, ამას შესაბამისმა სამსახურებმა უნდა უპასუხონ. მე გეუბნებით, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, დანარჩენი თუ ეს სპეკულაციაა, ამას ვინ აკეთებს, როგორ აკეთებს, შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ კომენტარს და მე არ მაქვს კომპეტენცია მათ ნაცვლად ვისაუბრო, მე არ მაქვს არც ამის უფლებამოსილება. ჩემი პასუხისმგებლობა არ არის და არც ჩემი კომპეტენციაა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაწილში კომენტარი მე გავაკეთო, არ არის ჩემგან სწორი და არ გავაკეთებ”, – განაცხადა კაკაურიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებითაც, ტრანზიტული და არატრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს და საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა.

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დღეს განაცხადა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებაში 12 თანამზრახველია იდენტიფიცირებული, მათგან 2 – საქართველოს მოქალაქეა. უწყება ასევე აცხადებს, რომ „ტერაქტის უკან დგანან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველო, მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები“.