ბულგარეთი აცხადებს, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო არასდროს ყოფილა მათ ტერიტორიაზე

პუბლიკა

ბულგარეთის მთავრობა აცხადებს, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა არასოდეს ყოფილა ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. აღნიშნულის შესახებ მთავრობამ განცხადება გუშინ გაავრცელა.

„დარწმუნებით ვამბობთ, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა არასდროს ყოფილა ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომელიც მითითებულია მისი მარშრუტის საწყის წერტილად“, – განაცხადეს ბულგარეთის მთავრობის პრესსამსახურში.

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დღეს განაცხადა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებაში 12 თანამზრახველია იდენტიფიცირებული, მათგან 2 – საქართველოს მოქალაქეა. უწყება ასევე აცხადებს, რომ „ტერაქტის უკან დგანან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველო, მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები“.

რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები ყირიმის ხიდამდე ოდესიდან ბულგარეთის, საქართველოსა და სომხეთის გავლით მიიტანეს.