„მოქალაქეები“ სახალხო დამცველის პოსტისთვის პარლამენტს ყველა კანდიდატურას წარუდგენს

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეები“ პარლამენტისთვის 19 კანდიდატის, ანუ ყველა იმ პირის წარდგენას გეგმავს, რომლებმაც სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევისთვის განაცხადი შეიტანეს. ამის შესახებ პარტიის წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

ლევან იოსელიანის თქმით, ამით საფრთხე აღარ შეექმნება არჩევის პროცესს, უკლებლივ ყველა კანდიდატს კი პარლამენტის წინაშე წარდგენის შესაძლებლობა ექნება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 19-ვე კანდიდატი წარვადგინოთ. ამის შესაძლებლობას პარლამენტის რეგლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება იძლევა. წარვადგენთ უკლებლივ ყველა კანდიდატს, ყველას მოსმენა გაიმართება პარლამენტში და ყველას სახელი და გვარი დადგება კენჭისყრაზე. კენჭისყრა არის გახსნილი, ღია – პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება.

არ ვაპირებთ კანდიდატების მიმართ ფავორიტიზმით დაკავებას, რადგან ძირითადად იაგო ხვიჩიას გარდა, არავის ვიცნობ. ყველას უნდა მივცეთ საშუალება საკუთარი მოსაზრებები წარადგინონ და სახალხო დამცველობისთვის იბრძოლონ. დამოკიდებულება, რომ ვიღაცას ვიღაცა მოსწონს და ვიღაცას ვიღაცა არ მოსწონს, უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.