კორონავირუსის გამო ზიარების რიტუალზე საპატრიარქოში ჯერ არ უმსჯელიათ

პუბლიკა

დღეს საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის თავმჯდომარემ საქართველოს მოსახლეობას წესებისა და რეკომენდაციების განსაკუთრებით გულმოდგინედ შესრულების, პირადი ჰიგიენის დაცვისა და ხალხმრავალი ადგილებისაგან თავის არიდებისკენ მოუწოდა.

„პუბლიკამ“ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელს, ანდრია ჯაღმაიძეს ჰკითხა, ტაძრებში წირვა-ლოცვებზე ხალხმრავლობის გათვალისწინებით, გეგმავს თუ არა საპატრიარქო რაიმე ზომების მიღებას და იქნება თუ არა გამოყენებული კვლავ საერთო კოვზი ზიარების დროს?

ანდრია ჯაღმაიძე „პუბლიკასთან“ აცხადებს, რომ ამ საკითხზე საპატრიარქოში ჯერ არ უმსჯელიათ და დეტალების შესახებ ინფორმაციას ორშაბათს მოგვაწვდის.

„პუბლიკასთან“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის თავმჯდომარე ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ცენტრმა საპატრიარქოს რეკომენდაციები 3 კვირის წინ მიაწოდა.

„რეკომენდაციები, რომლებიც ამ დროს არის საჭირო, საპატრიარქოს 3 კვირის წინ მივაწოდეთ და იქ ტრენინგიც ჩავატარეთ“, – აცხადებს გამყრელიძე. თუმცა არ აკონკრეტებს რეკომენდაციების შინაარსს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ „ზოგიერთი კორონავირუსი შესაძლოა გადაეცეს ადამიანიდან ადამიანს, ძირითადად ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შემდეგ, მაგალითად, საყოფაცხოვრებო, სამუშაო ან სამედიცინო დაწესებულებებში“.